ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტის სუმა ჩაკრაბარტის განცხადებით, რეგიონში ყველაზე დიდი ინვესტიცია საქართველოში ჩაიდება, რადგან მას აქვს პოტენციალი.
დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე მან ასევე განაცხადა, რომ ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის შენელება რუსეთში არსებულმა ვითარებამ განაპირობა.
„საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა რთულია, თუმცა გამოსწორებადი. შენელდა ეკონომიკური ზრდა, რაც რუსეთში არსებულმა ვითარებამ განაპირობა. ჩვენ ვხედავთ ამ ქვეყანაში პოტენციალს. სწორედ ამიტომ რეგიონში ყველაზე დიდი ინვესტიცია საქართველოში განხორციელდება. ეროვნული ბანკი და მთავრობა შეძლებენ სიტუაციის კარგად წარმართვას. კვირის ბოლოს გვექნება პროგნოზი,“ - აცხადებს სუმა ჩაკრაბარტი.
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრისა და ბიზნესფორუმის ფარგლებში, EBRD-ის პრეზიდენტი სერ სუმა ჩაკრაბარტი, თბილისში მეუღლესთან ერთად დღეს ჩამოვიდა.