ხორც-პროდუქტების ბაზარს კიდევ ერთი მოთამაშე შეემატა. ქართულ-უკრაინული ინვესტიციით, ბოლონისში ABD Georgia-მ ღორის ხორცის გადამამუშავებელი საწარმო გახსნა და დღეიდან საცალო ქსელში, Delicia-ს სამარკო ნიშნით, უმაღლესი ტექნოლოგიებით დამზადებული პროდუქციის რეალიზაციას იწყებს.
ბოლნისში, სოფელ აკაურთაში მდენბარე საწარმო დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ვიცე პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა გახსნა. როგორც გიორგი კვირიკაშვილმა, საწარმოს გახსნისას ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც საქართველოში და კერძოდ, ბოლნისში კავკასიაში ყველაზე თანამედროვე მეცხოველეობის კომპლექსი იხსნება. ეკონიმიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თქმით, უკრაინის უმსხვილესმა ჰოლდინგმა პროექტის განხორციელებისათვის 6,5 მლნ დოლარის ინვესტიცია განახორციელა და მის ფარგლებში ყველაზე თანამედროვე ტექნოლოგიებით აწყობილი მეღორეობის ფერმა და ხორცის გადამამუშავებელი საწარმო გაიხსნა, სადაც წარმოებაში გამოყენებული არ არის ქიმიური დანამატები.
"ადგილობრივი წარმოების განვითარება ნამდვილად არის ჩვენი პრიორიტეტი და სასიხარულოა, რომ ამ კომპანიამ ასევე ისარგებლა შეღავათიანი აგროკრედიტით 0,6 მლნ ლარის ოდენობით", - განაცხადა კვირიკაშვილმა საწარმოში ყოფნისას.
ABD Georgia-ს გენერალური დირექტორი ევგენია ხუხლოვა პროდუქციის მაღალ ხარისხზე აკეთებს აქცენტს და განმარტავს, რომ საწარმო ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციას აწარმოებს. ხუხლოვას თქმით, უკრაინული ჰოლდინგი საქართველოში შემოსვლით მას შემდეგ დაინტერესდა, როცა აღმოაჩინა, რომ ქართული ბაზარი მაღალი ხარისხის პროდუქციით გაჯერებული არ არის.
ABD Georgia-ს ხელმძღვანელი აცხადებს, რომ საქართველოში ბიზნესის კეთების კუთხით საინტერესო ვითარებაა. მისივე თ1მით, როდესაც ინვესტორი საქართველოში ჩამოვიდა სახელმწიფოსგან სრული მხარდაჭერა მიიღო და ასევე შეძლო დაბალპროცენტიანი კრედიტის აღებაც.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, “ABD Georgia” 2013 წელს დაფუძნდა და საქართველოში ღორის ხორცის უმსხვილესი მწარმოებელი კომპანიაა. საწარმოს შემადგენლობაში შედის საქართველოში უმსხვილესი კომპლექსი, რომელიც ცხოველების მოშენების დარგში უახლესი ევროპული ტექნოლოგიების და სტანდარტების შესაბამისად აშენდა ეკოლოგიურად სუფთა, მთიან ზონაში, სოფელ აკაურთაში.
“ABD Georgia” შედის უკრაინის აგრარულ ჰოლდინგ ACD-ში, რომელიც უკრაინაში ლიდერია ღორების მოშენებისა და კომბინირებული საკვების წარმოებაში. კომპანიაში ამჟამად 250 –მდე ადამიანია დასაქმებული.
„ABD Georgia“ ქართულ ბაზარზე სამარკო ნიშან „Delicia“-ს სახით არის წარმოდგენილი. „ABD Georgia“ 30-მდე დასახელების ძეხვს, სარდელსა და დელიკატესს აწარმოებს. Delicia-ს პროდუქცია დამზადებულია ყოველგვარი ქიმიური შენაერთების გარეშე, მხოლოდ საკუთარ ფერმაში მოწეული ღორის ხორცისგან.