ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის განცხადებით, ყველამ უნდა გამოიყენოს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ფორუმი, რომ მაქსიმალურად დადებით ჭრილში მოხდეს ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალის წარმოჩნა.
„ჩვენთვის, ყველასთვის ეს კვირა ძალიან მნიშვნელოვანი კვირაა, იქიდან გამომდინარე, რომ უნდა გამოვიყენოთ ის საერთაშორისო ფორუმი, რომელიც ტარდება საქართველოში. ჩვენი მთავარი ამოცანა დღეს არის, მაქსიმალურად დადებით ჭრილში წარმოვაჩინოთ ჩვენი ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალი და მაქსიმალურად დადებითი მოლოდინები შევუქმნათ იმ ინვესტორებს, რომლებიც თბილისს ეწვევიან ამ კვირაში. ვინაიდან, საბოლოო ჯამში, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდა და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების განწყობები არის ის, რაც ქმნის სამუშაო ადგილებს, რეალური შემოსავლების ზრდას”, - განაცხადა ქადაგიძემ.
მისივე თქმით, ყველა დანარჩენ საკითხზე, მომავალი კვირიდან გაიმართება ეროვნული ბანკის წლიური ანგარიშის მოსმენა პარლამენტში, სადაც საუბარი იქნება პრობლემებზე და მათი გადაჭრის გზებზე.