პოლონეთის ბაზარზე აჭარის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაცია გრძელდება. ხვალ, 12 მაისს 10 საათზე სასტუმრო ”დივანში” პოლონური ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები BTB შეხვედრების ფორმატში ადგილობრივ ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებთან გამართავენ მოლაპარაკებებს. როგორც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში აცხადებენ, საინფორმაციო ტური დეპარტამენტმა პოლონეთის ტურიზმის პალატასთან ერთად დაგეგმა და მასში 12 საშუალო ტურ-ოპერატორია ჩართული. პოლონეთის რესპუბლიკის ორ ყველაზე მსხვილ ტურისტულ კომპანიასთან - "Rainbow Tours" და „Itaka” ტურიზმის დეპარტამენტი უკვე თანამშრომლობს და მათ მიერ დანიშნული ჩარტერული ფრენებით შემოყავს რეგიონში პოლონელი ტურისტები. 2015 წლის სეზონზე პოლონეთიდან ჩარტერული ავიაფრენების ფარგლებში მგზავრთა რაოდენობის 30%-ით გაზრდა იგეგმება.