ეკონომიკის ზრდის ტემპის საუკეთესო მაჩვენებელი გვაქვს და პირველად ვართ ლიდერი რეგიონში, აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა პარლამენტში რიგგარეშე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას. როგორც მთავრობის მეთაურმა განმარტა, რომ ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ტემპის შეფასებისას აუცილებელია რეგიონში არსებული ვითარების ანალიზი, რადგან რეგიონის მასშტაბით ეკონომიკური ზრდის ტენდენციები ნებისმიერ ქვეყანაზე დიდ გავლენას ახდენს.
”მაგალითისთვის ვიტყვი, რომ მაშინაც კი, როდესაც ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის ყველაზე მაღალი ორნიშნა მაჩვენებელი - 2003 წელს 11.1 პროცენტი და 2007 წელს 12.34 პროცენტი დაფიქსირდა, ჩვენ არ ვყოფილვართ ლიდერები რეგიონში, რადგან ჩვენი უშუალო მეზობლების ეკონომიკური ზრდის ტემპი ჩვენთან შედარებით კიდევ უფრო მეტი იყო.
რაც შეეხება დღევანდელ ვითარებას, - დღეს ჩვენ რეგიონში ეკონომიკის ზრდის ტემპის საუკეთესო მაჩვენებელი გვაქვს და პირველად ვართ ლიდერი რეგიონში, მიუხედავად იმისა, რომ 2013 წელს საქართველოში ეკონომიკური ზრდის ტემპი დაფიქსირდა - 3.3 პროცენტი, ხოლო 2014 წელს - 4.8 პროცენტი. ეს იმას ნიშნავს, რომ რეგიონში არსებული რთული ვითარება შედარებით ნაკლებად ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ზრდის ტემპზე აისახა”,- აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, ბოლო ორი წლის განმავლობაში მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის საშუალო წლიური ტემპი 4 პროცენტს შეადგენს. ხოლო 2014 წლის მთლიანი შიდა პროდუქტი 2012 წელთან შედარებით 8.2 პროცენტით მეტია.
”2008-2012 წლებში საქართველოს ვალი უფრო სწრაფად იზრდებოდა, ვიდრე ეკონომიკა. 2013 წელი იყო ერთადერთი წელი დამოუკიდებლობის შემდეგ, როდესაც საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი არათუ გაიზარდა, არამედ 50 მილიონი დოლარით შემცირდა”, განმარტა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, 2014 წლიდან საქართველოს ეკონომიკის ხვედრითი წილი მსოფლიო ეკონომიკაში მაქსიმუმზე ფიქსირდება და მსოფლიო ეკონომიკის 0.32 პროცენტს შეადგენს. აქამდე საქართველოს წილი 0.29 - 0.31 პროცენტს შორის მერყეობდა.
”მიუხედავად ამ მიღწევებისა, მტკივნეულ თემად რჩება ლარის კურსის ცვლილება. რეგიონში შექმნილი ვითარება რთულია და ბუნებრივია, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა ვერ ასცდებოდა ამ პრობლემას. სავალუტო კურსზე დიდი ზეგავლენა მოახდინა დოლარის გამყარებამ მთელ მსოფლიოში. როგორც იცით, დოლარი გამყარდა აბსოლუტურად ყველა ვალუტის მიმართ.
მაგალითისთვის ვიტყვი, რომ აზერბაიჯანმა - ჩვენმა მეზობელმა და მეგობარმა ქვეყანამ, რომელიც ჩვენზე გაცილებით მდიდარი სახელმწიფოა, დაახლოებით ნახევარ მილიარდზე მეტი დახარჯა კურსის შესანარჩუნებლად და მიუხედავად ამისა, თებერვალში მისი ეროვნული ვალუტა ერთ დღეში 34 პროცენტით გაუფასურდა. ასეთივე ვითარებაა მოლდოვაში. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რას ნიშნავს ლარის კურსის ცვლილება ჩვენი მოსახლეობისთვის და ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ მაქსიმალურად დავასტაბილუროთ ვითარება”, განმარტა ღარიბაშვილმა დეპუტატების წინაშე სიტყვით გამოსვლისას.
როგორც ცნობილია, 2015 წლის ბიუჯეტის პროექტის დაგეგმვისას, გათვალისწინებული მაკროეკონომიკური გათვლებით, ეკონომიკური ზრდა პროგნოზირებული იყო 5 პროცენტის ფარგლებში, რასაც საერთაშორისო სავალუტო ფონდიც იზიარებდა, მაგრამ საგარეო ფაქტორებმა და რეგიონში მიმდინარე პოლიტიკურმა პროცესებმა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინეს ეკონომიკურ მაჩვენებლებზე და დაგეგმილი პარამეტრები შემცირდა რეგიონის თითქმის ყველა ქვეყანაში.
”საქართველო მცირე ეკონომიკის ქვეყანაა. შესაბამისად, ის აუცილებლად განიცდის საგარეო ფაქტორების მნიშვნელოვან ზეგავლენას. ჩვენ მოგვიწია ეკონომიკური ზრდის პროგნოზის გადახედვამ მიუხედავად ამისა, ჩვენ მიერ გატარებული აქტიური ზომების შედეგად, ეკონომიკური ზრდა თებერვალ-მარტში 4.8 - 4.2 პროცენტი დაფიქსირდა, რაც წლის დასაწყისში გაკეთებულ 2-პროცენტიან პროგნოზს ორ-ნახევარჯერ აღემატება.
2015 წლის პირველ კვარტალში 3.2-პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს, რაც, რეგიონში შექმნილი რთული ვითარების გათვალისწინებით, პოზიტიური შედეგია. როგორც უკვე აღვნიშნე, სწორედ ამიტომ, დღეს საქართველო ეკონომიკური ზრდის ტემპით, წინა წლებისგან განსხვავებით, ლიდერია რეგიონში”, განაცხადა პარლამენტში სამთავრობო პროგრამის წარდგენისას ირაკლი ღარიბაშვილმა.