აჭარის მთავრობა ტურიზმის სექტორში დასაქმებული მცირე და საშუალო მეწარმეების დახმარებას აგრძელებს და მეწარმეებს მცირე და საშუალო ტურისტული ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამაში მონაწილეობას სთავაზობს. ადგილობრივი მტავრობა პროგრამას ”ლიბერთი ბანკთან” ერთად ახორციელებს და ტურისტულ სექტორში დასაქმებულ მეწარმეებს შეღავათიანი პირობებით სესხებს სთავაზობს.
პროგრამა 2014 წელს ამოქმედა და დღეისათვის სესხით უზრუნველყოფა მხოლოდ 24 სუბიექტზე მოხდა. თავის დროზე კი სესხის მიღების სურვილი ოფიციალურად 262 მეწარმე სუბიექტმა დააფიქსირა, აქედან შესაბამისი კომისიის მიერ 188 სუბიექტი შეირჩა, საიდანაც სესხზე მოთხოვნა ”ლიბერთი ბანკმა” ჯერ მხოლოდ 24 სუბიექტს დაუკმაყოფილა. პროგრამის ფარგლებში საკრედიტო რესურსი 6 მლნ. ლარით იყო განსაზღვრული, თუმცა საბოლო ჯამში ბანკის მიერ 1 მლნ 360 ათასი ლარის ოდენობის სესხის დამტკიცება მოხდა.
დანარჩენებზე ბანკის მხრიდან სესხზე უარის თქმის საფუძველი სესხის მომსახურებისთვის საჭირო სათანადო შემოსავლის არ ქონა და სესხის უზრუნველყოფის პრობლემა დასახელდა.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში განმარტავენ, რომ პროგრამა გრძელდება და დაინტერესებულ პირებს, თუ ისინი შესაბამისი კრიტერიუმების დაკმაყოფილებას შეძლებენ, საკუთარი ტურისტული ბიზნესის გაფართოებისთვის სესხსაც მიიღებენ.
როგორც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2016-2019 წლების პროგრამების საშუალოვადიან გეგმაშია აღნიშნული, პროგრამის ბიუჯეტი აღნიშნულ პერიოდში 213 ათას 4 ლარი იქნება.
თავად პროგრამა კი ტურისტულ ბიზნესში დასაქმებულ მეწარმეებზე ”ლიბერთი ბანკის” საშუალებით დაბალპროცენტიან სესხის გაცემას ითვალისწინებს, რომლის მიზნობრიობაც ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და ტურისტული მომსახურების გაუმჯობესებაა.
პროგრამის მიხედვით, ბენეფიციარი შეიძლება იყოს პირი, რომელიც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ტურისტულ ბიზნესს ახორციელებს. სესხის საპროცენტო განაკვეთი 15%-ია, საიდანაც 3 წლის განმავლობაში თავად ბენეფიციარი 3%-ს გადაიხდის, ხოლო დარჩენილი 12%-ი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან იფარება. სამი წლის შემდეგ პროცენტის გადახდას მსესხებელმა თავად უნდა უზრუნველყოფს. სესხის მაქსიმალური ოდენობა 200 000 ლარით განისაზღვრა და სესხი არაუმეტეს 7 წლის ვადით ხდება გაიცემა.