მევენახეების სუბსიდირება წელს განხორციელდება თუ ამის აუცილებლობა იქნება, განაცხადა ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა გიორგი სამანაშვილმა გადაცემა „20 30“ პიდაპირ ეთერში. ამასთანავე სამანაშვილმა განმარტა, რომ სუბსიდირება ძვირი უჯდება სახელმწიფოს და რთველის პროცესში სააგენტოს მხრიდან ჩარევა იქნება მინიმალური.
„სუბსიდირება საკმაოდ ძვირი უჯდება სახელმწიფოს და მეორეს მხრივ დარგს აზარალებს, იმიტიმ რომ ბუნებრივად არ ვითარდება მევენახეობა-მეღვინეობის დარგი. ამიტომ ჩვენი პოზიცია არის, რომ ჩარევა რთველის პროცესში სუბსიდიების მიმართულებით იყოს მინიმალური. თუმცა ჯერ ჩვენი მევენახეობის დარგი არ არის მზად იმისთვის, რომ საბაზრო საწყისებზე მევენახეებმა ამოიღონ ყურძნის თვითღირებულება. ამიტომ დაველოდებით რთველის მოსვლას. შევეცდებით ჩავერიოთ, თუ იქნება აუცილებლობა“, - განაცხადა სააგენტოს ხელმძღვანელმა და განმარტა, წელს ხელისუფლება რა შემთხვევაში დაეხმარება მევენახეობის დარგს: „თუ მოთხოვნილება არ იქნება ყურძენზე იმდენი, რამდენიც იქნება მიწოდება, სახელმწიფო ჩაერთვება ამ პროცესში“.
საუბრის ბოლოს გიორგი სამანაშვილმა პროგნოზი გააკეთა: „სავარაუდოდ ამის აუცილებლობა იქნება“.