„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში სტრუქტურული დივერსიფიკაციის ხელშეწყობის მიზნით მუშაობა მიმდინარეობს ინდუსტრიული განვითარების საკითხებზე“, აღნიშნულის შესახებ განცხადება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გააკეთა. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, შექმნილია სპეციალურად ინდუსტრიული განვითარების ჯგუფი, რომელიც მუშაობს განვითარების პოტენციალის მქონე დარგების აღმოჩენაზე, სანალიზზე და ამ პროექტების განხორციელებაში კერძო სექტორის ჩართვაზე. დარგების ვერტიკალური ინტეგრაციის ხელშეწყობაზე, ანუ ღირებულებათა ჯაჭვებში ჩავარდნების გამოვლენაზე და ამ ჩავარდნებში მთავრობის ძალისხმევის ორიენტირებაზე.
„ამჟამად იმპლემენტაციის ეტაპზეა შემდეგი პროექტები:
- სამშენებლო და მოსაპირკეთებელი ქვების დარგის განვითარება; შემუშავებულია სამი ახალი საწარმოს დაფინანსების ბიზნეს-გეგმა საერთო საინვესტიციო ღირებულებით 10 მილიონი დოლარი.
- კერამიკული ფილების წარმოება; მომზადდა კერამოგრანიტის ფილების წარმოების ბიზნეს-გეგმა. საინვესტიციო ღირებულება 10 მილიონი დოლარი.
- მწვანილის ექსპორტი ევროპაში; მოგეხსენებათ, რომ მწვანილის ექსპორტი ძირითადად ხორციელდება დსთ-ს ქვეყნებში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ორგანიზებულად შევუწყოთ ხელი მასშტაბურ ექსპორტს ევროპაში. ამისთვის ჰოლანდიელი ექსპერტების დახმარებით მუშავდება დარგის განვითარების კონკრეტული ღონისძიებები, აგრეთვე ევროპული სტანდარტების შესაბამისი სამაგალითო სასათბურე მეურნეობის შექმნის ბიზნეს-გეგმა, რომელიც ასევე მრავალმილიონიანი პროექტია. ეს პროექტი განსაკუთრებულ დადებით ზეგავლენას მოახდენს იმ რეგიონზე, სადაც ჩვენ ახლა ვიმყოფებით, ვინაიდან ამ რეგიონის პოტენციალი ამ მიმართულებით ცნობილია.
ყველაზე მთავარი, რაც მინდა აღვნიშნო - ეს პროექტები არ იქნება სახელმწიფო რესურსებით განხორციელებული. რამდენიმე მიმართულებით ვიმუშავებთ, წამყვანი ძალა იქნება კერძო სექტორი. თუმცა, პარტნიორობის მოდელები იქნება გათვალისწინებული როგორც საპარტნიორო ფონდის მეშვეობით, ასევე პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში.“, - განაცხადა გიორგი კვირილაშვილმა პარლამენტში დეპუტატებთან შეხვედრისას.