მომავალი წლიდან ქვეყანაში გაზსაცავის მშენებლობა დაიწყება, აღნიშნულის შესახებ განცხადება ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ გააკეთა. მინისტრის თქმით, გაზსაცავის მშენებლობა 2016 წლიდან დაიწყება და ამ დოისათვის პროექტის ტექნიკური-ეკონომიკური კვლევები მიმდინარეობს.
”ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა უახლოეს პერიოდში იქნება დასრულებული და წარმოდგენილი. ვფიქრობ, რომ 2016 წლიდან სამუშაოები დაიწყება”,- აღნიშნა მინისტრმა.
მთავრობაში ამბობენ, რომ გაზსაცავის მშენებლობით ქვეყანა მიიღებს სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტს, რომელიც აამაღლებს ქვეყნის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას, უზრუნველყოფს საქართველოს მომხმარებლებისთვის გაზის მიწოდებას კრიტიკულ სიტუაციებში ქვეყნის გარედან გაზის მოწოდების შეფერხების შემთხვევაში და შეამცირებს გაზის მოწოდებასა და მოხმარებას შორის არსებულ სეზონურ დისბალანსს.
აღსანიშნავია, რომ საქართველო რეგიონში ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც გაზსაცავი არ გააჩნია.
გაზსაცავის მშენებლობის დასრულების შემდეგ მასში 230-250 მილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი გაზის შენახვა იქნება შესაძლებელი, რაც დღესდღეობით მთლიანი წლიური მოხმარების დაახლოებით 15%-ს შეადგენს.