ბათუმის გარეუბანში მინიმუმ 220 ნომრიანი სასტუმროს მშენებლობა იგეგმება. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო, ბათუმში, კახაბრის დასახლებაში მდებარე 29 445 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს ყიდის, სადაც სამომავლოდ ტურისტული ინფრასტრუქტურა უნდა გაშენდეს. უფრო კონკრეტულად კი აუქციონში გამარჯვებულმა, ტერიტორიაზე არანაკლებ 220 ნომრიანი სასტუმრო, არანაკლებ 600 აპარტამენტი, სამორინე, საკონფერენციო დარბაზი, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრი უნდა ააშენოს და არანაკლებ 13 000 კვ.მ მიწის ნაკვეთზე სარეკრიაციო ზონა მოაწყოს, ავტოსადგომითა და სხვადასხვა ტიპის კვების ობიექტებით.
როგორც აუქციონის პირობაშია ჩადებული, ინვესტორი ვალდებულია, ხელშეკრულების გაფორმებიდან 8 თვის ვადაში მრავალფუნქციური შენობა-ნაგებობის მშენებლობა დაიწყოს, ხოლო 14 თვის განმავლობაში სასტუმროსათვის განკუთვნილი შენობა-ნაგებო(ბე)ბის ნულოვანი ნიშნულის დასრულება და 24 თვის ვადაში მრავალფუნქციური შენობა-ნაგებო(ბე)ბის ნულოვანი ნიშნულის დასრულება უზრუნველყოს.
სახელშეკრულებო პირობების მიხედვითვე, ობიექტი ექსპლუატაციაში ხელშეკრულების გაფორმებიდან 48 თვის ვადაში უნდა შევიდეს, რაც ინვესტორს პირობების მიხედვით, მინიმუმ 30 მლნ დოლარი დაუჯდება.
ტურისტული ინფრასტრუქტურის მშენებლობის შემდეგ, ობიექტზე
300 ადამიანი დასაქმდება, საიდანაც არანაკლებ 80%-ი საქართველოს მოქალაქე უნდა იყოს.
ბათუმში, კახაბრის დასახლებაში მდებარე 29 445 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს გასასხვისებლად აუქციონი 22 მაისისთვისაა ჩანიშნული, ხოლო ობიექტის საწყისი ღირებულება კი 2 მლნ 50 ათას დოლარადაა განსაზღვრული.