ბიზნეს გაერთიანებები ბიზნეს ომბუდსმენის დასაცავად ერთიანდებიან. როგორც ბიზნეს გაერთიანებების მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული, ისინი როგორც ქვეყნის ეკონომიკური სფეროს უმნიშვნელოვანეს სექტორში მოღვაწე პროფესიული გაერთიანებები, შეშფოთებას გამოთქვამენ იმ ფაქტის გამო, რომელსაც რამდენიმე დღის წინ ჰქონდა ადგილი და მიზნად ისახავს არა რომელიმე ბიზნეს სტრუქტურის დისკრედიტაციას, არამედ საქართველოს ბიზნეს ომბუდსმენის ინსტიტუტის იმიჯისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვას. მათივე ინფორმაცით, ყველაფერი ეს კი საბოლოოდ სერიოზულ დარტყმას აყენებს მთლიანად ბიზნეს გარემოს და აქედან გამომდინარე ქვეყნის ეკონომიკას.
”ბატონი გიორგი გახარია, ამ თანამდებობაზე მოსვლის დღიდან გულისხმიერებით, მაღალი პროფესიონალიზმით და დიდი მონდომებით ცდილობს თავისი კომპეტენციის ფარგლებში დაეხმაროს ბიზნესის წარმომადგენლებს და ამის მრავალი მაგალითი არსებობს, ხოლო დღეს როგორი პარადოქსიც არ უნდა იყოს, ბიზნესს თავად უწევს მისი დაცვა, რაც სამწუხარო რეალობაა და უარყოფითად აისახება ინვესტორთა ქცევაზე.
ამიტომ, ჩვენ მაქსიმალური ყურადღებით მივადევნებთ თვალს მოვლენების შემდგომ განვითარებას და შევეცდებით, რომ მომავალშიც მყისიერი რეაგირება მოვახდინოთ ამ ფაქტისადმი არა სამართლიანი და ტენდენციური დამოკიდებულების შემთხვევაში”, აღნიშნულია ბიზნეს გაერთიანებების ერთობლივ განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ: მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაცია; ნავთობ პროდუქტების იმპორტიორთა კაშირი; ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა ასოციაცია; საქართველოს ბანკების ასოციაცია; საქართველოს ფერმერთა ასოციაცია; საქართველოს მეცხვარეთა ასოციაცია; ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია და საქართველოს მეხორბლეთა ასოციაცია.
შეგახსენებთ, რომ კომპანია ”ემ–ენ–ჯორჯიას” დამფუძნებელი ხელისუფლებას ბიზნესის წართმევაში ადანაშაულებს. ვახო გოძიაშვილი ამბობს, რომ რამდენიმე თვის წინ ის ბიზნესიდან ჯანყარაშვილის დავალებით გააძევეს და მათთან დაახლოებული სხვა კომპანიით ჩაანაცვლეს. მისივე ინფორმაცით, სახელისუფლებო კლანის მითითებებს მაშინ ბიზნესომბუდსმენი და მთავრობის ეკონომიკური საბჭოს ხელმძღვანელი გიორგი გახარია ასრულებდა.