საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ჩატარებული სამუშაოები ლარს შემდგომი დევალვაციისგან დაიცავს. ვიცე-პრემიერმა ჟურნალისტებსა და პოლიტიკოსებს მოუწოდა თავი შეიკავონ ამ თემით სპეკულირებისაგან, რადგან ეს ცუდად აისახება საინვესტიციო სამუსაოებზე.
,,მთავრობა შემდგომ დევალვაციას არ ელოდება, რადგან ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაოებია ჩატარებული საპრივატიზაციო მიმართულებით, არის უშუალო შედეგები და კიდევ უფრო მეტი იქნება მომავალში ტურიზმის ზრდისა და ვიზიტორების შემოდინების მაჩვენებლებთან ერთად. ამიტომ, მე მინდა ვთხოვო ყველა მედიასაშუალებას, მაქსიმალურად შეეცადონ, ამ თემით არ იყოს პოლიტიკური სპეკულირება, ვინაიდან თითოეული ნეგატივი, რომელიც გადის სივრცეში, ძალიან მნიშვნელოვნად აისახება ეკონომიკაზე. როგორც ამ ქვეყნის ერთ-ერთი რიგითი მოქალაქე და არა როგორც ეკონომიკის მინისტრი, ვთხოვ ჩემი ქვეყნის ყველა მოქალაქეს, რომლებიც ზოგჯერ არიან მედიის წარმომადგენლები და ზოგჯერ პოლიტიკოსები, ანგარიში გაუწიონ სიტუაციას, რომელიც არის. მინდა ვთხოვო მათ, არავითარ შემთხვევაში არ შექმნან ხელოვნურად დამძიმებული სურათი მედიის საშუალებით. ეს მესიჯი მინდა მივიდეს იმ ადამიანებამდე, ვისაც ყველაზე მეტად ეხება", - განმარტა გიორგი კვირიკაშვილმა.