"Fitch“-ის მიერ საქართველოს პერსპექტივის „პოზიტიურიდან“ „სტაბილურით“ შეცვლა არ იმოქმედებს საერთაშორისო ინვესტორების შეფასებაზე, რადგან საქართველოში კარგი ბიზნესგარემოა, - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ირმა ქავთარაძემ. მისი განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ უცვლელი დარჩა ქვეყნის რეიტინგი და ის „BB-“ - ის დონეზეა. ამ მაჩვენებლით საქართველოს, რეგიონის ქვეყნებს შორის, ერთერთი ყველაზე კარგი პოზიცია აქვს.
როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, „Fitch“-ის ანგარიშში ცალსახად წერია, რომ საქართველოზე იმოქმედა საგარეო ფაქტორებმა.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, სხვადასხვა საერთაშორისო რეიტინგების შეფასებით საქართველო მოწინავე პოზიციებზე იმყოფება და ინვესტორი, რომელსაც აინტერესებს ამ რეგიონში შემოსვლა, პირველ რიგში საქართველოსკენ გამოიხედავს გამომდინარე იქიდან, რომ საქართველომ ბიზნეს გარემოს გაუმჯობესების კუთხით ძალიან დიდ წარმატებებს მიაღწია ბოლო წლებში.