საჰარას უდაბნოში ცათამბჯენი აშენდება. უცხოური მედია წერს, რომ 10 წლის შემდეგ, საჰარას უდაბნოში, მაროკოს ნაწილში, შესაძლოა უნიკალური ენერგოეფექტური ”ვერტიკალური” ქალაქის მშენებლობა დაიწყოს. პროექტის ავტორთა აზრით, სწორედ ეს პერიოდი დასჭირდება მთავრობასა და ინვესტორებს მსგავსი პროექტის დასაწყებად.
თავად ”ვერტიკალური” ქალაქის მშენებლობის იდეა კი ფრანგ დიზაინერებს ეკუთვნის.
გეგმის მიხედვით, საჰარაში 450 მეტრიანი ცათამბჯენის მშენებლობა იგეგმება და მისი სახელი Tower of Sand იქნება. ობიექტი 780 ათას კვ/მ-ზე იქნება გადაჭიმული და მასში მთელი ქალაქის: სასტუმროების, მაღაზიების, მუზეუმებისა და აპარტამენტების განთავსება იგეგმება. უკვე ცნობილია, რომ ცათამბჯენი განახლებადი ენერგიით მომარაგდება. შენობის შიგნით განთავსდება ასევე 77 ჰა-ზე გადაჭიმული ვერტიკალური ბაღები.