უახლოესი 10 წლის განმავლობაში ევროკავშირის გაფართოება არ იგეგმება, თუმცაღა დაინტერესებულ მხარეებთან მოლაპარაკებები გაგრძელდება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია მესამე მსოფლიო ფორუმზე, ბერლინში, ევროკომისარმა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში იოჰანეს ჰანმა გააჟღერა.
”უახლოესი 10 წლის განმავლობაში ევროკავშირის გაფართოება არ იქნება”, - აღნიშნა ჰანმა და დასძინა, რომ შესაბამისად ახალი ქვეყნების დამატება ევროკავშირში არარეალური იქნება.
თუმცა როგორც ევროკომისარმა აღნიშნა, ”ეს იმას არ ნიშნავს, რომ ევროკავშირი არ აწარმოებს მოლაპარაკებებს”. მანვე ხაზი გაუსვა, რომ კანდიდატი ქვეყნები "უნდა მოგვიახლოვდნენ, ეკონომიკური თვალსაზრისით, რათა ჩვენი(ევროპელი) მოქალაქეები ამისათვის მზად იყვნენ”.
”ჩვენ მიზანმიმართულად უნდა ვიმოქმედოთ, რათა ყველამ გაიგოს, რომ ახალი წევრი არის ძალიან ღირებული და არა ობიექტი დამატებითი გადახდებისთვის", - განაცხადა მან.
ევროკომისარმა იმედი გამოთქვა, რომ შემდგომ პერიოდში ევროკავშირის გაფართოების ”ახალი თავი” სწორედ რომ სერბია გახდება.