ხვალ, 27 აპრილს, 09:30 საათზე, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატაში საქართველოს-ბელგიის (ვალონია) ბიზნესფორუმი გაიმართება. ღონისძიების ორგანიზატორები არიან საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა და ვალონიის ექსპორტისა და ინვესტიციების სააგენტო (AWEX).
სავაჭრო-სამრეწველო პალატის ინფორმაციით, ვალონიის ბიზნეს დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშია 15 კომპანიაა, წარმოდგენილია შემდეგი სფეროებით: ენერგეტიკა, ნარჩენების მართვა, საკვები პროდუქტები, ფულის გათეთრების საწინააღმდეგო კომპიუტერული უზრუნველყოფა, რძის პროდუქტები და ა.შ.
ფორუმს გახსნიან საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი ნატო ჩიქოვანი და ვალონიის ექსპორტისა და ინვესტიციების სააგენტოს გენერალური მენეჯერის მოადგილე შანტალ დე ბლუ.
საქართველოს საინვესტიციო პოტენციალისა და ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ მონაწილეებს ინფორმაციას მიაწვდის საქართველოს საინვესტიციო სააგენტოს დირექტორის პირველი მოადგილე თამარ ლილუაშვილი.
ფორუმის ფარგლებში დაგეგმილია 35 პირისპირ შეხვედრა ქართული და ბელგიური კომპანიების წარმომადგენლებს შორის.
27-28 აპრილს ბელგიელი ბიზნესმენები შეხვედრებს გამართავენ სახელმწიფო უწყებებში. აგრეთვე ისინი ადგილზე გაეცნობიან ქართული კომპანიების საქმიანობას როგორც თბილისში, ისე რუსთავში, ბათუმსა და ფოთში (33 შეხვედრა).