ტურიზმის პოტენციალის მხრივ პრემიერ-მინისტრი დიდი ყურადღებას წყალტუბოს პოტენციალზე ამახვილებს. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა, ქუთაისში „ძლიერი რეგიონი - ძლიერი საქართველოსთვის“ პრეზენტაციისას განმარტა, მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ეს რესურსი მაქსიმალურად იყოს ათვისებული.
„მე მინდა გითხრათ, რომ საპარტნიორო ფონდი მუშაობს წყალტუბოს სპა-კურორტად აღდგენისა და განვითარების ახალი ეტაპის დეტალურ გეგმაზე. მე დღეს თქვენთან შეხვედრაზე სწორედ წყალტუბოდან მოვდივარ და მინდა გითხრათ, რომ წყალტუბო გახდება გამორჩეული კურორტი არა მარტო ჩვენს ქვეყანაში, არამედ, მთელ რეგიონში“, აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა პროგრამის პრეზენტავიისას, რომელსაც ბიზნესმენებიც ესწრებოდნენ.
პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ ტურიზმის განვითარებისთვის ძალიან საინტერესო რესურსი არსებობს ბაღდათში, ზესტაფონში, თერჯოლაში, ვანში, ხარაგაულში, ხონში. აღარაფერს ვამბობ გელათის, ბაგრატის ტაძრის, მოწამეთას და კაცხის სვეტის მნიშვნელობაზე.
„აქვე დავამატებ, რომ იმერეთი მდიდარია ბუნებრივი რესურსებით - ინერტული და წიაღისეული მასალებით, მინერალური და მტკნარი წყლით“, აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.