იმერეთის რეგიონს აქვს განვითარების ძალიან დიდი პოტენციალი, აღნიშნულის შესახებ განცხადება საქართელოს პრემიერ-მინისტრმა ქუთაისში პროგრამის „ძლიერი რეგიონი - ძლიერი საქართველოსთვის“ პრეზენტაციისას გააკეთა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მთავრობის ეკონომიკურმა საბჭომ შეისწავლა იმერეთის რეგიონის შესაძლებლობები - ბუნებრივი რესურსები, ეკონომიკური პოტენციალი და ადამიანური რესურსები, რის საფუძველზეც მთავრობას უკვე აქვს სრული სურათი იმისა, თუ რა არის საჭირო რეგიონის ფეხზე დასაყენებლად.
„იმერეთი არის ჩვენი ქვეყნის ყველაზე დიდი და მრავალრიცხოვანი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული. ის არის აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს დამაკავშირებელი და ძალიან მნიშვნელოვანია მისი ეკონომიკური განვითარება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ აქ აუცილებელია სპეციალური ტექნიკური განათლების განვითარება, შესაძლებელია ტურისტული განათლების ცენტრის დაარსება. ასევე მნიშვნელოვანია რეგიონის სატრანსპორტო-ლოგისტიკური განვითარება - მოგეხსენებათ, რომ ქუთაისის აეროპორტი და ცენტრალური მაგისტრალი არის ძალიან კარგი საფუძველი ამისათვის“, აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა ბიზნესმენებთან პროგრამის წარდგენისას.
პრემიერ-მინისტრის განმარტებით, რეგიონის პოტენციალის შესწავლისას გამოიკვეთსა, რომ იმერეთში არის სოფლის მეურნეობის, წარმოებისა და ტურიზმის განვითარების დიდი პერსპექტივა.