პირველად საქართველოში „ბრიტანულ-ქართული აკადემია“ „ლისი დეველოპმენტისა“ და „თი-ბი-სი ბანკის” პარტნიორობით თანამედროვე ინფრასტრუქტურისა და უმაღლესი სტანდარტების, 10 000 კვადრატულ მეტრზე გადაჭიმულ სასწავლო კამპუსს აშენებს. პროექტის იდეა: „თანამედროვე სკოლის მწვანე კონცეფცია,“ სპორტული და საცხენოსნო მოედნებით, სასწავლო, ყვავილების, ბოსტნეულის, ხილის ბაღებითა და თემატურად დატვირთული მწვანე ზოლით გამოირჩევა. ბრიტანულ - ქართული აკადემია 2015 წლის სექტემბერში, სწავლის დაწყებასთან ერთად, საზეიმოდ გაიხსნება.
„ბრიტანულ - ქართული“ აკადემია საქართველოში დღეს ლიდერი სკოლაა, რომელიც საგანმანათლებლო სივრცეში მეცხრე წელია, სკოლამდელი განათლების ცენტრით, დაწყებითი, საბაზო და საშუალო სკოლის საერთაშორისო, ბრიტანული და ქართულენოვანი პროგრამებით ოპერირებს. პარტნიორების აზრით, ბაზრის განვითარებისა და მომხმარებლის მოთხოვნების შესაბამისად, ასეთი მასშტაბური პროექტის წამოწყება დროული იყო. „თანამედროვე სკოლის მწვანე კონცეფცია“ ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის განაშენიანებისა და განვითარების გეგმებს ეხმიანება.