”ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ გუდაურის განვითრებას, მის ტურისტულ პოტენციალს”, აღნიშნულის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გუდაურში პროგრამის „ძლიერი რეგიონი - ძლიერი საქართველოსთვის” წარდგენისას განაცხადა,
ღარიბაშვილის განმარტებით, წელს გუდაურში უკვე დამონტაჟდა ხელოვნური გათოვლიანების სისტემა, რაც სათხილამურო სეზონს ზრდის. ”ახლა ვაპირებთ მეორე ფაზის დაწყებას. მეორე ფაზა ითვალისწინებს სასრიალო გზების „გუდაური 1“-ისა და ,,სპორტული 2“-ის ნაწილის გათოვლიანებას.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მიმდინარეობს ხელოვნური ტბის მშენებლობა, რაც, ბუნებრივია, უფრო მიმზიდველს გახდის გუდაურს და ტურისტებს ზაფხულშიც მოიზიდავს.
გუდაურში შენდება აგრეთვე 2100-მეტრიანი 6-ადგილიანი სავარძლის ტიპის საბაგირო;გაფართოვდა და ქვებისაგან გაიწმინდა სათხილამურო გზები; ეწყობა ველოპარკი და მიმდინარეობს გზების მარკირება; ასევე მიმდინარეობს არსებული საბაგიროების გეგმური შემოწმება-შეკეთება, გუდაური-კობის საბაგიროების დაპროექტება, პირველ საბაგიროსთან მიმდინარეობს მცირე ზომის ნაგებობის მშენებლობა, სადაც განთავსდება ამბულატორია, რომელიც აღიჭურვება რეანიმობილით და რენტგენის აპარატურით”, აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
რაც შეეხება ზოგადად ტურისტთა განთავსების საკითხს, ადგილებით ყველა მსურველის დასაკმაყოფილებლად და კომფორტული დასასვენებელი პირობების შესაქმნელად გუდაურში წლის ბოლომდე რამდენიმე სასტუმროს მშენებლობა დასრულდება, მათ შორის სასტუმრო „შერატონის“.