პრემიერ-მინისტრმა გუდაურში პროგრამის „ძლიერი რეგიონი - ძლიერი საქართველოსთვის” წარდგენისას მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ტურიზმის განვითარებას დიდი ყურადღება დაუთმო. პრემიერ-მინისტრმა პროგრამის წარდგენისას ყურადღება გაამახვილა რეგიონის ტურისტულ პოტენციალზე და განმარტა რომ რეგიონში უხვადაა უნიკალური კულტურულ- ისტორიული და არქიტექტურული ძეგლები. ღარიბაშვილის თქმით, რეგიონი საკურორტო ზონებით ყოველთვის იზიდავდა ტურისტებს.
”ჩვენ ვგეგმავთ, რომ ყველგან, სადაც ამას საჭიროება მოითხოვს, აღვადგინოთ და კონსერვაცია გავუკეთოთ ჩვენს ისტორიულ ძეგლებს ამ მხარეში, განვავითაროთ და გავაუმჯობესოთ ინფრასტრუქტურა ძეგლების ირგვლივ, იმისათვის, რომ უფრო მიმზიდველი, ადვილად მისასვლელი და ტურიზმისათვის დაცული და მოსახერხებელი გავხადოთ ეს ადგილები. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ტურიზმის განვითარებით ჩვენ სერიოზულ ბიძგს მივცემთ ამ რეგიონის ეკონომიკურ განვითარებას, შევქნით ახალ სამუშაო ადგილებს, რაც საბოლოოდ რეგიონის მოსახლეობის კეთილდღეობას მოიტანს” აღნიშნა ღარიბაშვილმა.
როგორც გაირკვა მცხეთაში ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ გაუმჯობესდეს ვიზიტორთათვის პირობები.
”ვგეგმავთ არმაზის ციხის კონსერვაციასა და ინფრასტრუქტურის მოწყობას, ძალისის კონსერვაციას, ბებრის ციხის რეაბილიტაციას, ჯვრის ეკლესიის ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, შიო-მღვიმის მონასტრამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაციას. უნდა შემუშავდეს კონცეფცია მცხეთის არქეოლოგიური მუზეუმისათვის, მოხდეს კინოს სახლის რეკონსტრუაცია და ა.შ”, აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.