მთავრობას მცხეთა-მთიანეთის განვითარების გეგმა უკვე აქვს. როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გუდაურში პროგრამის „ძლიერი რეგიონი - ძლიერი საქართველოსთვის” წარდგენისას განაცხადა, უკვე არსებობს გეგმები, თუ რომელი მიმართულებებით შეიძლება განვითარდეს ეს რეგიონი.
როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, მთავრობის ეკონომიკურმა საბჭომ დატალურად შეისწავლა მცხეთა-მთიანეთის ბუნებრივი და ადამიანური რესურსები, აგრეთვე ეკონომიკური პოტენციალი და მთავრობამ უკვე იცის თუ რა სჭირდება მცხეთა-მთიანეთს.
”ამ რეგიონში სოფლის მეურნეობა შეიძლება განვითარდეს ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა მესაქონლეობა, მეცხვარეობა, რძის, ხორცის, ხილ-ბოსტნეულის გადამმუშვებელი წარმოება, მეფუტკრეობა, მეკარტოფილეობა, მეფუტკრეობა, მებოსტნეობა, მეხილეობა, სასათბურე მეურნეობების განვითარება”, აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა და დასძინა, რომ ქალაქ მცხეთას აქვს ხილის გადამუშავების, ნატურალური წვენების საწარმოსა და საკონდიტრო საწარმოს ამუშავების შესაძლებლობა.
”მცხეთის რაიონში არის ტექსტილის წარმოების, საკონდიტრო ქარხნის, კომბინირებული საკვების საწარმოს ამუშავების პერსპექტივა; ყაზბეგში შესაძლებელია ლოგისტიკური ცენტრის, მატყლისა და მატყლის პროდუქციის წარმოების, ტრადიციული ხელსაქმის - სუვენირების და აგრეთვე სამშენებლო-მოსაპირკეთებელი მასალების წარმოების შესაძლებლობა; თიანეთში არის ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის - წვენების, ჯემების წარმოების შესაძლებლობა”, განმარტა ღარიბაშვილმა.