2014 წელს რაჭაში გადამუშავდა ათას შვიდასი ტონა ყურძენი და ადგილობრივი მოსახლეობის შემოსავალმა 13 მილიონი ლარი შეადგინა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის განმარტებით, 2013 წელს გადამუშავდა ათას ტონამდე ყურძენი, მოსახლეობის შემოსავალმა კი 8 მილიონი ლარი შეადგინა.
”იმედი მაქვს, რომ წელს კიდევ უკეთესი შედეგები გვექნება. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ „ხვანჭკარა“, რომელიც, თამამად შეიძლება ითქვას, ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი სავიზიტო ბარათია, სულ უფრო მეტი ნდობით სარგებლობდეს და არ იყოს მისი ფალსიფიცირების არც ერთი შემთხვევა”, განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა რაჭაში პროექტის ,,ძლიერი რეგიონი - ძლიერი საქართველოსთვის“ წარდგენისას.
პრემიერ-მინისტრის თქმით, 2014 წელს, მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი პროგრამის - ვენახების კადასტრის განხორციელება სწორედ რაჭა-ლეჩხუმიდან დაიწყო, ეს იმ ფონზე, როდესაც ანალოგიური პროგრამა საქართველოში ჯერ არ განხორციელებულა.
”კადასტრის პროგრამის დასრულების შედეგად მევენახეებს მარტივად შეეძლებათ კომუნიკაცია კერძო კომპანიებთან, გამარტივდება ყურძნის ჩაბარების პროცესი, გაჩნდება ზუსტი სტატისტიკა, გამოჩნდება ვენახების მდგომარეობის დინამიკა”,- აღნიშნა ღარიბაშვილმა.