თბილისში, ჭანტურიას ქ. N10-ში, სასტუმრო „თორის“ ადგილზე ახალი სასტუმრო აშენდება. საერთაშორისო ბრენდის სასტუმროს „პარკ ინ ბაი რედისონის“ მშენებლობისა და მართვის ხელშეკრულებას ხელი დღეს კომპანია „ბლოკ-ინვესტისა“ და „კარლსონ რეზიდორ ჯგუფის“ ხელმძღვანელობამ სასტუმრო ,,თორში“ მოაწერა. ხელმოწერის ცერემონიალს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, თბილისის მერი დავით ნარმანია და ვიცე-მერი დიმიტრი ქუმსიშვილი დაესწრნენ.
სასტუმრო „პარკ ინ ბაი რედისონ თბილისი“ საშუალო სეგმენტის მომხარებელზე იქნება გათვლილი. სასტუმროს მშენებლობა რამდენიმე თვეში დაიწყება და 2017 წელს დასრულდება. სასტუმროში 200 ნომერი, 120 ადამიანზე გათვლილი რესტორანი, ბარი, ლობი-ბარი, საკონფერენციო დარბაზები, შეხვედრების ოთახები და 40 ავტომობილზე გათვლილი ავტოსადგომი იქნება.
ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ეს არის ძალიან სასიხარულო ფაქტი, რომ ხელი მოეწერა ხელშეკრულებას და თბილისში გაიხსნება კიდევ ერთი "რედისონის" ბრენდის სასტუმრო, თუმცა არა ხუთვარსკვლავიანი, არამედ უფრო დაბალი ვარსკვლავების ნიშაში, რაც გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ძალიან მოთხოვნადია დღევანდელი ტურიზმის ბაზარზე.
,,თბილისში გაიხსნება RADISSON-ის კიდევ ერთი ბრენდის სასტუმრო. თუმცა, უკვე არა 5 ვარსკვლავიან ნიშაში, არამედ უფრო დაბალი ვარსკვლავების ნიშაში, რაც ძალიან მოთხოვნადია ტურიზმის დღევანდელ ბაზარზე. ამ სასტუმროში 25 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება. მშენებლობის პერიოდში დასაქმდება 600-მდე ადამიანი, ხოლო სასტუმროს გახსნის შემდეგ 200-ზე მეტი სამუშო ადგილი შეიქმნება“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მისივე თქმით, ძალიან კარგია, რომ "რედისონის" ბრენდი განაგრძობს საქართველოში გაფართოებას. „ეს უკვე იქნება ,,რედისონის პარკ ინით“ მომუშავე სასტუმრო. კომპანია „კარლსონ რეზიდორის“ ხელმძღვანელობას კიდევ დაგეგმილი აქვთ რეგიონული სასტუმროების ქსელის განვითარება. ვფიქრობთ, ეს ძალიან სასიხარულოა, რადგან ჩვენს რეგიონებში ბრენდული სასტუმროების ქსელების ნაკლებობა გვაქვს. ვფიქრობთ, რომ ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ინვესტიცია. აქ ჩამოსული სტუმრები, შემდგომში უკვე, რა თქმა უნდა, რეგიონების მასშტაბით გაიშლებიან და მთლიანად, ეს ხელს შეუწყობს საქართველოში ტურიზმის განვითარებას’’ - აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.
კომპანია „ბლოკ-ინვესტსა„ და „კარლსონ რეზიდორ ჯგუფს“ შორის კიდევ ერთი მემორანდუმი გაფორმდა სვანეთში "რედისონ ბლუ მესტიის" მშენებლობის შესახებ.სადაც 72 სასტუმრო ოთახი განთავსდება. პროექტის ჯამური ინვესტიციის მოცულობა 10 მილიონი დოლარი იქნება. გარდა ამისა, თბილისში, სასტუმრო "შერატონის" მოპირდაპირე მხარეს კიდევ ერთი, 80 ნომრიანი სასტუმროს მშენებლობა იგეგმება.