საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კოორდინაციით, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციასთან (OECD) თანამშრომლობით და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის მხარდაჭერით 15 აპრილს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების სტრატეგიაზე მომუშავე ჯგუფის შეხვედრა ჩატარდა. შეხვედრა საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ოფისში შედგა.
საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესის სტრატეგიის და შესაბამისი სამოქმედო გეგმის შემუშავება მიმდინარეობს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კოორდინაციით და OECD-სთან მჭიდრო თანამშრომლობით.
სტრატეგიის მიზანია საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის შემდგომი განვითარების და კონკურენტუნარიანობის ამაღლებისთვის ეფექტიანი პოლიტიკის ჩამოყალიბება ევროპული საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით.
სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაში გაწერილი იქნება ის პრიორიტეტული მიმართულებები და განსახორციელებელი ღონისძიებები, რომელზეც საქართველოს მთავრობა აქტიურად იმუშავებს მომდევნო წლების განმავლობაში.
დოკუმენტის შემუშავებაში, გარდა სამთავრობო ინსტიტუტებისა, კერძო სექტორის წარმომადგენლები და დონორი ორგანიზაციებიც იღებენ მონაწილეობას.
შეხვედრას დაესწრნენ როგორც სამთავრობო უწყებების და ბიზნეს-სექტორის, ასევე ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD), ევროკომისიის, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლობის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD), გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ), მსოფლიო ბანკისა (WB) და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები.