საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს, არქიტექტურული ფორუმისა და ახალი ნათების ერთობლივი ორგანიზებით, 15-19 აპრილს, ღონისძიება ”ინოვაცია არქიტექტურაში” გაიმართება.
აღნიშნული ტიპის ღონისძიება საქართველოში პირველად ჩატარდება და მისი მიზანია არქიტექტურის თანამედროვე ინოვაციური ტენდენციების პოპულარიზაცია და აღნიშნული მიმართულებით ქართველი სპეციალისტების ცოდნის და კონკურენტუნარიანობის გაზრდაა. მნიშვნელოვანია ქართველი არქიტექტორების მიერ ინოვაციების დანერგვა არქიტექტურაში და შედეგად პროცესების გაუმჯობესება.
პროექტის ფარგლებში არქიტექტორების, დიზაინერებისა და ინჟინრებისაგან დაკომპლექტებული გუნდები ერთმანეთს ორგანულ არქიტექტურასა და განათების თემაზე შექმნილი ინსტალაციებით შეეჯიბრებიან. აგრეთვე მათ მიეცემათ საშუალება ინსტალაციების შექმნის პროცესში გამოიყენონ ინოვაციების სააგენტოს ხელშეწყობით შექმნილ სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიაში განთავსებული უახლესი ტექნოლოგიებით, როგორებიცაა ლაზერ მჭრელი, პროგრამირებადი ჩარხები სხვა და სხვა ტიპის ზედაპირების დასამუშავებლად, 3დ პრინტერები, 3დ სკანერების და სხვა. ამ დანადგარების მეშვეობით ისინი შეძლებენ საკუთარი პროექტების მატერიალიზაცია განახორციელონ და რეალურ პროტოტიპად გარდაქმნან.
ღონისძიების განმავლობაში, გაიმართება არქიტექტორების, დეველოპერული კომპანიების, ფოტოგრაფების, თეორეტიკოსების, დიზაინერებისა და ხელოვნების სხავდასხვა დარგში მოღვაწე სპეციალისტების ლექცია-სემინარები, პრეზენტაციები და ტრენინგები ორგანული არქიტექტურის თემაზე.
არქიტექტურულ მარათონს დაესწრება ცნობილი უცხოელი არქიტექტორი, რომელიც დამწყები თუ გამოცდილი არქიტექტორებისათვის საჯარო ლექციასა და ტრენინგს გამართავს.
ღონისძიება 19 აპრილს დასრულდება და მოხდება საუკეთესო ნამუშევრებისა და გუნდების დაჯილდოება.
ექსპო ჯორჯია, პავილიონი N:3
15 აპრილი 19:00 ლექცია-სემინარები, დასწრება თავისუფალია.
16,17 აპრილი მარათონი (ინსტალაციების დამზადების პროცესი)
18,19 აპრილი 15:00 ლექცია-სემინარები, დასწრება თავისუფალია.