16-18 აპრილს თბილისი მე–17 საერთაშორისო ტურისტულ გამოფენას უმასპინძლებს, რომლის მხარდამჭერებიც არიან საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, დაცული ტერიტორიების სააგენტო, თბილისის მერია და საქართველო–ირანის სავაჭრო–სამრეწველო პალატა.
მე–17 საერთაშორისო ტურისტული გამოფენა გაიმართება საგამოფენო ცენტრის „ექსპო ჯორჯიას“ მე–11 პავილიონში 2015 წლის 16-18 აპრილს. გამოფენის ფარგლებში წელს პირველად ჩატარდება ტურისტული ფასდაკლებების ფესტივალი, სადაც დამთვალიერებლებს საშუალება ექნებათ წინასწარ დაგეგმონ დასვენება სხვადასხვა მიმართულებით, მიიღონ კვალიფიციური კონსულტაცია და შეიძინონ ტურისტული პაკეტები ექსკლუზიურ ფასად.
50-მდე საგამოფენო სტენდზე წარმოდგენილი იქნება 150-მდე ორგანიზაცია, ტურისტული კომპანიები და დასასვენებელი კომპლექსები, ტუროპერატორები მრავალფეროვანი მომსახურებით: კულტურული, ისტორიული და ღვინის ტურებით, ასევე ექსტრემალური და სათავგადასავლო პროგრამებით. მონაწილეობენ როგორც ადგილობრივი ასევე საერთაშორისო კომპანიები.
გამოფენაზე წარმოდგენილი ქვეყნები: საქართველო, სომხეთი, არაბეთის გაერთიანებული საემიროები, ტაილანდი, შვეიცარია, რუსეთი, ლიტვა, პოლონეთი.