საქართველოში ტურისტების რაოდენობას ისევ კლების ტენდენცია აქვს. ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2015 წლის პირველ კვარტალში საქართველოში ტურისტების რაოდენობა 7 %-ით შემცირდა. რაც შეეხება საერთაშორისო მოგზაურებს, აღნიშნული სტატისტიკა საანგარიშო პერიოდში 2 %-ითაა შემცირებული.
სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით, 2015 წლის 3 თვეში საქართველოს 986 366 საერთაშორისო მოგზაური სტუმრობდა, ეს იმ ფონზე, როდესაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდში აღნიშნული მაჩვენებელი 1 010 323 კაცს აღწევდა.
აღსანიშნავია, რომ საანგარიშო პერიოდში საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობა რაოდენობა განსაკუთრებით შემცირდა აღმოსავლეთ აზია/წყნარი ოკეანის აუზის ქვეყნებიდან, საუბარია 53%-იან კლებაზე. 38 %-ით შემცირდა საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობა ახლო/შუა აღმოსავლეთის რეგიონიდან. აფრიკიდან საერთაშორისო მოგზაურების კლებამ კი 56%-ი შეადგინა. რაც შეეხება ევროპას, 2015 წლის პირველ კვარტალში საქართველომ ევროპიდან 1 %-ით ნაკლები საერთაშორისო მოგზაური მიიღო.
სამაგიეროდ საერთაშორისო მოგზაურების 5 %-იანი ზრდა დაფიქსირდა ამერიკიდან.
2015 წლის იანვარ-მარტში საქართველოში ყველაზე მეტი საერთაშორისო მოგზაური აზერბაიჯანიდან შემოვიდა (+6 %). რაც შეეხება თურქეთს, ის ”ტოპ-15”ში მერე ადგილზეა, თუმცა კლებამ 10 %-ს მიაღწია.სომხეთიდან შემოსული საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობა 1 %-ითაა გაზრდილი, რუსეთიდან შემოსული მოგზაურების მოცულობა კი 5 %-ითა შემცირებული. შემცირებულია ასევე ვიზიტორები უკრაინიდან (-13%), პოლონეთიდან (-31%), ირანიდან (-74%), საბერძნეთიდან (-15%).