2020 წლამდე აჭარაში 1 მლრდ 754 მლნ 500 ათასი დოლარის ინვესტიციის განხორციელება იგეგმება. როგორც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა დავით ბალაძემ სასტუმრო „რადისონ ბლუ ბათუმში“ გამართულ რეგიონში მიმდინარე და დაგეგმილი საინვესტიციო პროექტების პრეზენტაციაზე აღნიშნა, 2015-2020 წლებში რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ჯამური საინვესტიციო მოცულობა 1 მლრდ 251 მლნ 800 ათასი აშშ დოლარს შეადგენს. იგივე პროექტებიდან კი მხოლოდ 2015 წელს განსახორციელებელი ინვესტიციის მოცულობა 366 მლნ 200 ათასი აშშ. დოლარი იქნება.
დავით ბალაძის განმარტებით, 2013 წლიდან დღემდე პრივატიზებული ობიექტებიდან, კომპანიებს ვალდებულება აქვთ განახორციელონ 95 მლნ დოლარის ინვესტიცია.
აღსანიშნავია, რომ 2014-2015 წლებში მსხვილი ობიექტების პრივატიზაციიდან რეგიონის ბიუჯეტში 6,5 მლნ დოლარის შევიდა.
როგორც აჭარის მთავრობის მეთაურმა არჩილ ხაბაძემ პრეზენტაციის განმარტა, რეგიონის მთავრობის ეკონომიკური გუნდი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ რეგიონში მეტი ინვესტიცია შევიდეს.
”2013-14 წელი ერთგვარი ჩვენი საინვესტიციო პოლიტიკის ჩამოყალიბების მოსამზადებელი პერიოდი იყო. მოგეხსენებათ 2015 წლიდან სამინისტროს დაგეგმილი აქვს და ახორციელებს გარე აქტივობებიც. მხედველობაში მაქვს ჩვენი პირველი ვიზიტი ასტანაში, სადაც ფორუმი „ასტანა-ბათუმი“ ჩავატარეთ. გასულ წელს ორი ფორუმი მოვასწარით, „ბაქო-ბათუმი“ და „კიევი - ბათუმი“. სამომავლოდ ბელორუსიაში „მინსკი-ბათუმი“ ბიზნესფორუმის ჩატარებას ვფიქრობთ. ამ ფორუმების ჩატარების მიზანი არის ჩვენი პოტენციალი გავაცნოთ ჩვენს მეგობარ და მეზობელ ქვეყნებს. დამეგობრებულ ქალაქებსა და ქვეყნებში ვაკეთებთ იმ წარმატებული კომპანიების პრეზენტაციებს, რომლებიც მოგვყვებიან ამ ვიზიტებისას. ამით მათი ცნობადობის გაზრდა ხდება გარე ბაზრებზე .ბოლო ვიზიტი ძალიან პოზიტიური იყო . რამდენიმე ვიზიტი გვაქვს ამ წელს დაგეგმილი. მინდა გითხრათ რომ სხვადასხვა კომპანიებმა რომლებმაც გააკეთეს პრეზენტაციები შედეგი მიიღეს. დღევანდელი პრეზენტაციით გვინდა დავანახოთ მოსახლეობას, დაინტერესებულ მხარეებს არასამთავრობო სექტორს, ინვესტორებს, ბიზნესმენებს, დეველოპერებს, თუ რა გაკეთდა, რა კეთდება და რას ვაპირებთ მომავალში “-განაცხადა არჩილ ხაბაძემ.