ბოლო ორი წლის განმავლობაში შიდა ქართლში 13 მილიონამდე პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შევიდა. როგორც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შიდა ქართლში პროექტის ,,ძლიერი რეგიონი - ძლიერი საქართველოსთვის“ წარდგენისას განმარტა, აღნიშნული თანხა ძირითადად სამთო-მოპოვებით მრეწველობაში, გადამმუშავებელ მრეწველობასა და უძრავ ქონებაში ჩაიდო.
”ჩვენ მხარს ვუჭერთ ყველა საინტერესო ბიზნესპროექტს, რომელიც ხელს შეუწყობს შიდა ქართლის ფეხზე დაყენებას. მე მჯერა, რომ ეს რეგიონი სახელმწიფოსა და ბიზნესის დახმარებით ძალიან მალე გაიმართება წელში”, განმარტა ღარიბაშვილმა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, მთავრობა ძალ-ღონეს არ იშურებს სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებისთვის. სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით, შიდა ქართლში გაცემულია 79 მილიონზე მეტი ოდენობის 3 ათასამდე სესხი. შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში 3 მილიონზე მეტი ლარით დაფინანსებულია 9 ახალი საწარმო. გადაიარაღებულია 61 საწარმო. რისთვისაც გაცემულია 15 მილიონზე მეტი ლარის ოდენობის სესხი.
”გარდა ამისა, ჩვენ ვეხმარებით მცირემიწიან ფერმერებს საგაზაფხულო სამუშაოების ჩატარებაში. მაგალითად, 2013 წელს შიდა ქართლში 95 ათასზე მეტმა ბენეფიციარმა მიიღო 20მლნ-ზე მეტის სარგებელი”, აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.