გადასახადის გადამხდელთა ინტერესების დაცვისა და მათთვის ხელსაყრელი პირობების შექმნის მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ საგადასახადო დავების განხილვის საბჭოს მორიგი გასვლითი სხდომა აჭარის რეგიონში გამართა.
დღეს, 7 აპრილს, მინისტრის, ნოდარ ხადურის თავმჯდომარეობით გამართულ ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს სხდომაზე, რომელიც ქალაქ ბათუმის გადამხდელთა მომსახურების სერვის-ცენტრში გაიმართა, 20-მდე გადამხდელის საჩივარი განიხილეს.
საგადასახადო დავების განხილვა რეგიონებში ფინანსთა სამინისტროს პოლიტიკის ფარგლებში ხორციელდება, რომლის მიზანიც, დავების განხილვის საბჭოს მუშაობის გამჭვირვალობისა და კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელთა ინტერესების დაცვის უზრუნველყოფაა.
აღნიშნული ინიციატივის განხორციელების შედეგად, რეგიონების მაცხოვრებლებს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოში შემოტანილი საჩივრების განსახილველად აღარ სჭირდებათ დედაქალაქში ჩამოსვლა, რაც მათ დანახარჯების შემცირებისა და დროის დაზოგვის შესაძლებლობას აძლევს.
დავების განხილვის საბჭოს გასვლით სხდომებს ფინანსთა სამინისტრო კონკრეტული რეგიონიდან შემოსული საჩივრების რაოდენობის მიხედვით მართავს.