ხვალ, 8 აპრილს, 14.00 საათზე, მეცნიერებათა აკადემიის შენობის სააქტო დარბაზში საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსა და მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდება, რომლის მიხედვით, მხარეები ადასტურებენ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მნიშვნელოვან როლს ქვეყნის ეკონომიკური ზრდის პროცესში და მისწრაფებას ქვეყანაში სამეცნიერო ინოვაციური გარემოს განვითარებისკენ.
მემორანდუმი ითვალისწინებს ორი უწყების თანამშრომლობას ქვეყნისთვის პრიორიტეტული გამოყენებითი კვლევების ხელშეწყობისა და სამეცნიერო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების კომერციალიზაციის სტიმულირებისთვის. მხარეები ასევე თანხმდებიან, რომ ერთობლივად იმუშავებენ ბიოტექნოლოგიური და სხვა პრიორიტეტული მიმართულებით დარგობრივი კომპეტენციის ცენტრების ჩამოსაყალიბებლად, ასევე ქვეყნის ტექნოლოგიური მოდერნიზაციის საკითხების მომზადებისა და ქვეყნის ექსპორტზე ორიენტირებული სამეცნიერო ტექნოლოგიური ინოვაციების იდენტიფიცირებისთვის. ორივე უწყების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ასევე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უცხოეთში მოღვაწე ქართველი მეცნიერების ქვეყნის ინოვაციური ეკოსისტემის ფორმირებაში ჩართვის საკითხებზე ერთობლივი მუშაობა და ქართველი მეცნიერების საერთაშორისო პროექტებში თანამშრომლობის ინტენსივობის გაზრდის პროცესების ხელშეწყობა.
აღნიშნული მემორანდუმით მხარეები, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფენ ერთობლივი პროექტებისა და პროგრამების განხორციელებას.