22 აპრილს სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ გაიმართება საქართველო-ბელარუსის ბიზნესფორუმი, რომელიც მიეძღვნება ორ ქვეყანას შორის არსებული ეკონომიკურ ურთიერთობებსა და პერსპექტივებს.
სავაჭრო-სამრეწველო პალატის ინფორმაციით, 21-23 აპრილს, პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს ვიზიტის ფარგლებში, თბილისს ბელარუსის ბიზნესდელეგაცია ეწვევა, რომელსაც ბელორუსის ვიცე-პრემიერი უხელმძღვანელებს.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართება ორმხრივი შეხვედრები ქართული და ბელარუსული კომპანიების წარმომადგენლებს შორის, აგრეთვე ბელარუსული კვების პროდუქციის გამოფენა-დეგუსტაცია. ღონისძიების სამუშაო ენაა რუსული. ფორუმს გახსნიან საქართველოსა და ბელარუსის სავაჭრო-სამრეწველო პალატების პრეზიდენტები.
ფორუმის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოსა და ბელორუსიის სავაჭრო-სამრეწველო პალატებს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერა.
ბელარუსის ბიზნეს დელეგაციის შემადგენლობაშია 37 კომპანიის 44 წარმომადგენელი შემდეგი სექტორებიდან: ენერგეტიკა, ტრანსპორტი და ლოჯისტიკა, ფართო მოხმარების ენერგომოწყობილობები, საგზაო-სამშენებლო სპეცტექიკა, ავტოსატრანსპორტო მისაბმელები, ავეჯი, მუყაო-ქაღალდის პროდუქცია, კვების პროდუქტები, ეთილის სპირტი, სპირტიანი სასმელები, კომპლექსური სასუქები, ქიმიური და ნავთობქიმიური პროდუქცია, ხორცპროდუქტები, სანიტარულ-კერამიკული ნაკეთობები, მედიკამენტები, დეზინფექციის საშუალებები, საყოფაცხოვრებო ქიმია, კაბელები, ჭურჭელი, სასოფლო-სამეურნეო სპეცტექნიკა, ლიზინგი.
ბელარუსული კომპანიები დაინტერესებულნი არიან შესაბამისი სფეროების წარმომადგენელ ქართველ კოლეგებთან სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გააქტიურებითა და პარტნიორული ურთიერთობების დამყარებით.