საქართველოს უძრავი ქონების ბაზრის კვლევის შედეგები განიხილეს 2 აპრილს გამართულ პრეზენტაციაზე, რომელსაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილი დაესწრო. პრეზენტაციაში ასევე მონაწილეობა მიიღეს საპარტიორო ფონდისა და თბილისის მერიის წარმომადგენლებმა,
უძრავი ქონების ბაზრის კვლევა კომპანია „კოლიერს ინტერნეშენალმა“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საპარტნიორო ფონდისა და თბილისის მერიის დაკვეთით განახორციელა.
პრეზენტაციას დაესწრნენ საქართველოს უძრავი ქონებისა და სხვა პროფილური ბიზნესების წარმომადგენლები.
მისასალმებელ სიტყვაში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინიტრის მოადგილემ, ქეთევან ბოჭორიშვილმა განაცხადა, რომ კვლევის შედეგად პოზიტიური ტენდენციები ყველა მიმართულებით გამოიკვეთა, იქნება ეს სასტუმროები, საცხოვრებელი ბინები, სავაჭრო ცენტრები და სხვ. მისი განცხადებით, საქართველოს უძრავი ქონების ბაზრის მსგავსი მასშტაბური კვლევა საქართველოში პირველად ჩატარდა. კვლევა ხელს უწყობს უძრავი ქონების სექტორის გამჭირვალობის ზრდას, გააუმჯობესებს მისი მონიტორინგის შესაძლებლობებს და დაეხმარება უძრავი ქონების სექტორში ადგილობრივი და უცხოური ინვესტიციების მოზიდვას. ანგარიში ხაზგასმით აღნიშნავს უძრავი ქონების ბაზრის როლს და მის მნიშვნელობას ქვეყნის განვითარებაში.
პრეზენტაციაზე სიტყვით გამოვიდნენ თბილისის მერიისა და საპარტნიორო ფონდის წარმომადგენლები.
უძრავი ქონების ბაზრის კვლევა ძირითადად აქცენტირებულია თბილისზე, რადგან ინვესტორების ფოკუსირება სწორედ დედაქალაქზე ხდება. კვლევამ გამოავლინა შესაძლებლობები უძრავი ქონების თითქმის ყველა სექტორში. მაგალითად, კვლევის თანახმად, იზრდება საოფისე ფართების მიწოდება, 2017 წლისთვის დაგეგმილია საოფისე ფართების მთლიანი მიწოდების 17.7%-ნი ზრდა. მიმდინარეობს რამდენიმე მსხვილი სავაჭრო ცენტრის მშენებლობა, რაც 2016 წლის ბოლომდე თანამედროვე სავაჭრო ფართების მიწოდებას 50%-ით გაზრდის. სასტუმროების ბაზარს შესაძლებლობა აქვს, მოიზიდოს საშუალო და მაღალი კლასის საერთაშორისო ოპერატორები მზარდი ტურისტების ნაკადის დასაკმაყოფილებლად, რაც ბოლო 5 წლის განმავლობაში საშუალოდ წელიწადში 23.5%-ით იზრდებოდა. რეკრეაციული ტურისტული ბაზრის ზრდა, თავის მხრივ, ხელს უწყობს კვების ინდუსტრიის, კინო-თეატრების, საოჯახო და გასართობი ცენტრების განვითარებას. საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარზე მოსალოდნელია მოთხოვნის ზრდა, ძირითადად, თბილისის გარეუბნებში.