სახელმწიფო პროგრამა ,,აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში გარდაბნის რაიონის სოფელ კაპანახჩში თანამედროვე ტიპის მაღალტექნოლოგიური სასათბურე მეურნეობა აშენდა. პროექტი საქართველოს თანაინვესტირების ფონდისა და სასათბურე მეურნეობის განვითარებაში წამყვანი ფრანგული კომპანია რიშელ ჯგუფის (RICHEL GROUP) ერთობლივი ინვესტირების შედეგად განხორციელდა. სასათბურე მეურნეობა დღეს ჟურნალისტებს ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი ბაჩიაშვილმა დაათვალიერებინა.
4.4 ჰექტარზე გაშენებულ სასათბურე მეურნეობაში ამ დროისთვის დასაქმებულია 108 ადამიანი, ძირითადად ადგილობრივი მოსახლეობა. თანამედროვე ტიპის სასათბურე მეურნეობაში ქართველ აგრონომებთან ერთად ფრანგი და უკრაინელი მაღალი კლასის აგრო-ინჟინრები, ბიოლოგები და ტექნოლოგები მუშაობენ. უახლესი ტიპის თანამედროვე დანადგარები და სათესლე კულტურები საფრანგეთიდან და ჰოლანდიიდან არის შემოტანილი.
,, ამ ადგილას 6 თვის წინ იყო 35 ჰექტარი ხრიოკი მიწა, დღეს კი თავად ხედავთ იმას, რაც აშენებულია. მიმდინარე წლის სექტემბრისთვის ამ მეურნეობის მოცულობა გასამმაგდება. ეს ნიშნავს, რომ ქვეყნის ბიუჯეტში შევა მილიონობით ლარი. გარწმუნებთ, რომ აქ, ქართულ მიწაზე წარმოებულ პროდუქციას ვერანაირი იმპორტი ვერ გაუწევს კონკურენციას". - აღნიშნა საქართველოს თანაინვესტირების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა.
2014 წლის 26 აგვისტოს, პროგრამა ,,აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში საქართველოს თანაინვესტირების ფონდს, 10 მილიონ ლარიანი საინვესტიციო ვალდებულებით, 35 ჰა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა გადაეცა. ფონდმა ვალდებულება გადაჭარბებით, დადგენილ ვადებზე ადრე შეასრულა.
სასათბურე მეურნეობის მშენებლობა 2014 წლის 19 სექტემბერს დაიწყო. პროექტის პრეზენტაციას და მშენებლობის ოფიციალურ გახსნას პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და მთავრობის წევრებიც ესწრებოდნენ.
მშენებლობის დაწყებიდან მხოლოდ 6 თვეში აშენდა 44 ათასი კვადრატული მეტრი სასათბურე მეურნეობა, განხორციელდა 10 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია, რაც დაკისრებულ საინვესტიციო ვალდებულებას აღემატება. ამით მშენებლობის პირველი ფაზა დასრულდა.
,,ეს არის ყველაზე მაღალი სათბური, რიგით მეორე კონსტრუქცია კავკასიის რეგიონში, რომელიც კომპანია ,,რიშელ ჯგუფმა“ კონკრეტულად საქართველოსთვის ააშენა. მისი თავისებურება იმაში გამოიხატება, რომ რაც უფრო მაღალია სათბური, მით უფრო მარტივია კლიმატისა და ტენიანობის კონტროლი, რაც მცენარის გაზრდისთვის ხელსაყრელ პირობებს ქმნის. ეს არის თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ენერგოეფექტური, ენერგოდამზოგი, ავტომატიზირებული სათბური -‘’განაცხადა სს „საქართველოს სათბურის კორპორაციის“ გენერალურმა დირექტორმა დიმიტრი კოლესნიკოვმა.
2015 წლის აპრილის ბოლოს იწყება პროექტის მეორე ფაზა, რომელიც სექტემბერში დასრულდება. პროექტი დამატებით 85 ათასი კვადრატული მეტრის სასათბურე მეურნეობის
მშენებლობას და დამატებით 20 მილიონი ლარის ინვესტიციის მოზიდვას ითვალისწინებს.
პროექტის სრულად განხორციელების შედეგად ჯამური საინვესტიციო ღირებულება 45 მილიონ დოლარს გაუტოლდება. სს ,,საქართველოს სათბურის კორპორაციაში“ ვარაუდობენ, რომ პროექტის პირველი ფაზის ფარგლებში 900 ტონა ბოსტნეული კულტურების მოყვანა იქნება შესაძლებელი, ხოლო მეორე ფაზის დასრულების შემდეგ ეს მაჩვენებელი 4,000 ტონას გადააჭარბებს. პროდუქცია თავდაპირველად ქართულ ბაზარს მიეწოდება, ხოლო შემდგომ ეტაპზე ექსპორტზე გავა.