ევროკავშირის ინტერნაციონალური პროექტი ,,აღმოსავლეთ პარტნიორობა” რუსეთის წინააღმდეგ არ არის მიმართული.
ამის შესახებ განცხადება გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა დღეს ბუნდესტაგში გამართულ შეხვედრაზე გააკეთა.
რაც შეეხება საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას თემას, მისი თქმით, მაისში რიგაში ,,აღმოსავლეთ პარტნიორობის” მორიგ სამიტზე ამ ქვეყნების ევროკავშირში ან ნატო-ში გაწევრიანება არ იგეგმება.
,,ევროკავშირმა საქართველოსთან, უკრაინასა და მოლდოვასთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას უკვე მოაწერა ხელი. ამ შეთანხმების მიზანია ქვეყნებს სამართლებრივი სახელმწიფოს ფორმირებასა და ეკონომიკის განვითარებაში დაუჭიროს მხარი და ხალხის უკეთესი მომავალი უზრუნველყოს. ,,აღმოსავლეთ პარტნიორობა” არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული.” - განაცხადა გერმანიის კანცლერმა.
მერკელის თქმით, ის ძალიან წუხს რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის პოზიციის გამო, რომელიც ცდილობს ზოგიერთი ქვეყანაზე ზეწოლა მოახდინოს და არჩევანის წინაშე დააყენოს: ,,ან რუსეთი, ან ისინი!”
,,მთავარი არ არის საკითხის ასე დასმა: ან-ან, მთავარი ისაა, რაც ყველა მხარისთვის იქნება სასარგებლო.” აღნიშნა ანგელა მერკელმა.
,,აღმოსავლეთ პარტნიორობის” შესახებ ინიციატივა 2008 წელს ევროკავშირის ბრიუსელის სამიტზე პოლონეთმა და შვედეთმა წამოჭრეს, საკითხი იმავე სამიტზე დამტკიცდა, ხოლო 2009 წლის მაისში გამართულ პრაღის სამიტზე პროექტი ოფიციალურად დაარსდა.
მისი მიზანია, წევრობის გარეშე, საქართველოს, უკრაინის, მოლდოვას, სომხეთის, აზერბაიჯანისა და ბელორუსიის ქვეყნების ევროკავშირთან დაახლოება.
,,აღმოსაველთ პარტნიორობის” პროგრამის მიხედვით ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებთან პოლიტიკური ურთიერთობის მნიშვნელოვანი ზრდა, ევროკავშირის ეკონომიკასთან ფართო ინტეგრაცია, ენერგეტიკული უსაფრთხოების განვითარება და მათთვის ფინანსური დახმარების გაზრდა არის გათვალისწინებული.