„საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაცია" მიხეილ ჯავახიშვილის (ყოფილი ელბაქიძის დაღმართი) ქუჩაზე ქვაფენილის ასფალტით ჩანაცვლებას აპროტესტებს და განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "ჯი-ეიჩ-ენი" უცვლელად გთავაზობთ:
„მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩაზე (ელბაქიძის დაღმართზე) შეიცვალა გზის საფარი და ქვაფენილის ნაცვლად დაიგო ე.წ. მოდიფიცირებული ასფალტი. აღნიშნულ ფაქტს ვაპროტესტებთ რამოდენიმე საკითხის გამო:
1. ევროპის განვითარებულ ქალაქებში თვლიან, რომ ქვაფენილი გაცილებით ამშვენებს ქუჩებს, ვიდრე ჩვეულებრივი ასფალტის საფარი. არსად, მიზანშეწონილად არ მიაჩნიათ, რომ ქვაფენილის საფარი უნდა შეიცვალოს ასფალტით. ეს ისტორიული ქუჩაა და აშკარად მისი მთელი ხიბლი ქვაფენილში იყო, თავადაც შეგიძლიათ დარწმუნდეთ ფოტოს მეშვეობით.
2.მთავარ მიზეზად კეთილმოწყობის სამსახურის მიერ დასახელდა, რომ მოდიფიცირებული ასფალტი გამძლეა და ათეული წლების განმავლობაში მიხედვა არ სჭირდება. ეს არაკომპეტენტურობაა! აბსოლუტურად ყველა გზას ესაჭიროება მიხედვა, მითუმეტეს თუ თავდაღმართია, ვინაიდან უხვი ნალექის პირობებში ხშირად ხდება წყლით საფარის ჩარეცხვა. ასეთ შემთხვევაშიც კი, კარგად დაგებული ხარისხიანი ქვაფენილი პრაქტიკულად მუდმივია.
3. კიდევ ერთი მინუში, ღამის საათებში როცა მოძრაობა მეტნაკლებად თავისუფალია, ავტომობილები მოძრაობენ სწრაფად, თავდაღმართის პირობებში მოსახვევში გაჭირდება საჭის დამორჩილება, რაც ქმნის რისკ ფაქტორს ავტოსაგზაო შემთხვევის. ქვაფენილი კი ერთგვარი შემაფერხებელია მაღალი სიჩქარის განვითარებისთვის. შესაძლოა მივიღოთ ისეთი ცხელი წერტილი, როგორიცა საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმდებარე ტერიტორიზე.
4. განცხადება, რომ ზამთარში ასფალტი უმჯობესია ვიდრე ქვაფენილი, ესეც მცდარია! ვინაიდან არსებობს სპეციფიკური ზედაპირის მქონე ქვაფენილის ტიპიც, რომელიც ზუსტად, რომ ზამთარში მოყინულ გზაზეა უმჯობესი.
მოკლედ, სამწუხაროდ საქმე გვაქვს სრულ არაკომპეტენტურობასთან, როგორც ისტორიული თვალსაზრისით, ასევე ტექნიკური მიმართულებით. სამწუხაროა, რომ თბილისის მერია არ ითვალისწინებს ექსპერტებისა და ასოციაციების მოსაზრებებს".
მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩის (ყოფილი ელბაქიძის დაღმართი) სავალ ნაწილსა და ტროტუარზე ქვაფენილის ნაცვლად, მერიის გადაწყვეტილებით, ასფალტის საფარი დააგეს. საავტომობილო მოძრაობა, ჯერჯერობით, არ გახსნილა.