,,ხვალ იმართება ჩეხეთის პარლამენტის სხდომა, სადაც შეიძლება ასოცირების შეთანხმების რატიფიცირების საკითხი დადგეს”,_ამის შესახებ ჟურნალისტებთან საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, დავით ჯალაღანიამ განაცხადა.
ჯალაღანია იმედოვნებს, რომ "ენერგო პრო ჯორჯიასთან” დაკავშირებული საკითხი ჩეხეთის პარლამენტის მიერ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირებაზე გავლენას არ მოახდენს.
,,ვიცი, რომ "ენერგო პრო ჯორჯიასა" და საქართველოს შესაბამის სტრუქტურებს შორის დიალოგი მიმდინარეობს და ძირითადად საკითხები, რაც კითხვებს აჩენს, გადაწყვეტის ფაზაშია. მინდა მჯეროდეს, რომ ეს კონკრეტული შემთხვევა ჩეხეთის პარლამენტის მიერ დოკუმენტის რატიფიცირებაზე ზეგავლენას არ მოახდენს", - განუცხადა ჟურნალისტებს დავით ჯალაღანიამ.
არსებული ინფორმაციით, ჩეხეთის პარლამენტმა საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების რატიფიციკაცია ჩეხურ კომპანია "ენერგო-პრო ჯორჯიასა" და საქართველოს სახელმწიფოს ფინანსური დავის გამო გადადო.
ჩეხეთის ადგილობრივი პრესის ცნობით, ენერგოგამანაწილებელი კომპანია, რომელიც ერთ–ერთი მსხვილი მოთამაშეა ჩეხურ ბაზარზე, შესაძლოა 60 მილიონი დოლარით დაზარალდეს. სწორედ ამ თანხას ედავება ქართული მხარე კომპანიას.გავრცელებული ინფორმაციით, სახელმწიფომ ამ თანხის 70%-ზე უარი თქვა და ახლა დარჩენილ თანხაზე მიმდინარეობს მოლაპარაკება, რომლის დასრულებასაც ელოდება ჩეხეთის პარლამენტი.