პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია მთავარ პროკურატურაში ახალი დეპარტამენტის შექმნის ფაქტს გამოეხმაურა და ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი პროცესების დაწყებად შეაფასა. განცხადება აღნიშნულთან დაკავშირებით, კომიტეტის თავმჯდომარემ, დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. მისი განცხადებით, ქვეყნის პრემიერ-მინისტრის დავალებით და ხანგრძლივი მუშაობის შედეგად მთავარ პროკურატურაში შეიქმნა ახალი დეპარტამენტი, რომელიც სამართალწარმოების პროცესში ჩადენილ დანაშაულებების საქმეებზე იმუშავებს, რაც ეკა ბესელიას შეფასებით, სამართლიანობის აღდგენის პროცესში მნიშვნელოვანი საშუალება და მექანიზმი იქნება.
„სამართლიანობის აღდგენის პროცესში, რასაც ჩვენი ქვეყნის ათასობით მოქალაქე ელოდება, ჩვენ სერიოზული გადაწყვეტილება მივიღეთ. მათ შორის აღსანიშნავია პარლამენტის მიერ მასშტაბური და უპრეცენდენტო ამნისტიის აქტის გამოცემა, სისხლის სამართლის კანონმდებლობის ლიბერალიზება, სასჯელთა შეკრების წესის გაუქმება და სხვა ახალი მიდგომები. დარჩენილი იყო ერთ-ერთი მტკივნეული სფერო - ეს არის საჩივრები, სადაც ჩვენი მოქალაქეები 2012 წლის ოქტომბრამდე ჩადენილ სისტემური ხასიათის დანაშაულებებზე მიუთითებდნენ, რომლებიც ღირსების შემლახავ და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებს და საკუთრების უფლების ხელყოფის ფაქტებს შეეხება. ამ საქმეებზე ქმედითი და ეფექტური რეაგირებისთვის რეკომენდაციები ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა, თომას ჰამერბერგიმ და გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმაც გასცა. სწორედ ამიტომ, ახალი დეპარტამენტის შექმნა ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქციის მატარებლად მიმაჩნია, რადგან მან უნდა შეასრულოს მაღალი პასუხისმგელობის ვალდებულებები, რომლებიც ჩვენი მოქალაქეების მიმართ 2012 წლის ოქტომბრამდე განხორციელებულ წამების, ღირსების შემლახავ და საკუთრების ხელყოფის ფაქტების გამოძიებას ეხება“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.
მისივე განცხადებით, კომიტეტი ახალ დეპარტამენტთან მუდმივ სამუშაო რეჟიმში იქნება და მას დამატებით მიაწვდის ყველა იმ მასალას, რომელიც კომიტეტში ორი წლის განმავლობაში შემოვიდა, მათი რაოდენობა კი 26 ათასს აჭარბებს.