პარალამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ჯორჯთაუნის უნივერსიტეტში სიტყვით ასევე ისაუბრა საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ კონფლიქტებზე, მათ გამომწვევ მიზეზებზე და არსებულ ვითარებაზე, ასევე რუსეთისგან მომავალ საფრთხეებზე.
,,ჩვენ არ გვინდა რუსეთთან ომში ჩავითრიოთ ნატოს წევრი ქვეყნები და საერთოდ არ ვართ დაინტერესებულნი ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე დამანგრეველი ომით, სადაც ნატო და რუსეთი დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. არა, ჩვენ უბრალოდ ვსწავლობთ გაკვეთილებს ისტორიიდან და ვერ ვიხსენებთ ვერცერთ ომს ნატოსა და რუსეთს, ან ნატოსა და საბჭოთა კავშირს შორის. ასე რომ, ნატო პრევენციული მექანიზმია და ის ქვეყნები, რომლებიც ნატოს წევრები არიან, საკუთარ თავებს იცავენ და რუსეთს ან საბჭოთა კავშირს არ შეეძლო მათზე შეტევა განეხორციელებინა. ასე რომ, როდესაც ჩვენ გვინდა ნატოს წევრობა, ეს ნიშნავს ჩვენს ქვეყანაში ომის დასრულებას და არა ომის დაწყებას რუსეთთან“,-აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარემ აგრეთვე ყურადღება გაამახვილა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე, საპარლამენტო საქმიანობაზე, ეკონომიკურ მდგომარეობაზე და ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე.
ჯორჯთაუნის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლის შემდეგ დავით უსუფაშვილმა რუსეთის მიერ საქართველოს და უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულ ქმედებებზე ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.
„ჩვენი პოზიცია იყო და რჩება ის, რომ უკრაინაში განვითარებული მოვლენები ეს არის პირდაპირი გაგრძელება იმის, რაც საქართველოში მოხდა 2008 წლის აგვისტოში და შესაბამისად ეს არის ერთი გეგმის სხვადასხვა კომპონენტი. ჩვენ ვეუბნებით ჩვენს მეგობრებს იმასაც, რომ უკრაინაში მიმდინარე საზარელი ამბების ფონზე, რუსული აგრესია საქართველოს მიმართ გრძელდება. მხოლოდ ასე შეიძლება დავახასიათოთ ე.წ. ხელშეკრულებები, რაც გაფორმდა სოხუმთან და ცხინვალთან და რომ ეს არის ერთი პროცესი, რომელსაც ერთიანად უნდა გავუმკლავდეთ. ამიტომ არის საქართველოს მთავრობის პოზიცია ურყევი და უცვლელი უკრაინისთვის დახმარების ნაწილშიც და საერთაშორისო საზოგადოებისთვის მთელი ამ კომპლექსური პრობლემის ადეკვატურად გააზრებაშიც“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.