,,ნაცმოძრაობის” წევრი ლევან ბეჟაშვილი ,,ჯი-ეიჩ-ენთან” საუბარში პროკურატურის ინიციატივას პოზიტიურად აფასებს, თუმცა ახალი დეპარტამენტის ობიექტურად მუშაობას ეჭვქვეშ აყენებს.
,,თავისთავად ინიციატივას შეიძლება ჰქონდეს კეთილშობილური მიზანი, მაგრამ პროკურატურის გაწეული საქმიანობა არ გვაძლევს იმ დავსკვნის საშუალებას, რომ ინციატივა იმ მართლზომიერი მიზნისთვის იქნება გამოყენებული რაც კანონშია ჩადებული. დღევანდელ პროკურატურას ახასიათებს პოლიტიკური მოტივაციით განპირობებული სისხლის სამართლის საქმეები, ეს არ არის მხოლოდ ჩვენი შეფასება, ამგვარი შეფასება ჰქონდა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას, აშშ-ის სახელმწიფო დეპარატამენტს, საგარეო საქმეთა მინისტრები, ჩვენი ევროპელი კოლეგები ხშირად საუბრობენ, რომ მართლმსაჯულების სისტემა მმართველი ძალის მიერ გამოყენებულია ოპოზიციაზე ზეწოლისთვის და პოლიტიკური რევანშისთვის. ამიტომ თუ დეპარტამენტის მუშაობა კანონიერი ფარგლებში წარიმართება ცუდი არ უნდა იყოს”, _აცხადებს ბეჟაშვილი.
Mმისივე განცხადებით, დეპარტამენტის მუშაობაში ინტერესთა კონფლიქტი იკვეთება.
,,გასათვალისწინებელია ერთის სამართლებრივი მომენტიც. კერძოდ, საუბარია სამართალდამცავი ორგანოს მოხელეების მიერ ჩადენილ დანაშაულებებზე, აქეც ბუნებრივად ინტერესთა კონფლიქტი იკვეთება, რადგან არ შეიძლება უწყება მისივე თანამშრომლების მიამართ აწარმოებდეს გამოძიებას”, _განაცხადა ბეჟაშვილმა ,,ჯი-ეიჩ-ენთან” საუბარში.
მისივე თქმით, უნდა ჩამოყალიბდეს ცალკე დამოუკიდებელი ორგანო, რომელიც ობიექტურად შეისწავლის თანამდებობის პირების მიერ ჩადენილ დანაშაულს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავარ პროკურატურაში შეიქმნა სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტი, რომელიც გამოიძიებს საჯარო მოხელის მიერ ჩადენილ დანაშაულებს, რომლის შედეგადაც მოქალაქეებს ფიზიკური და მატერიალური ზიანი მიადგათ.
კერძოდ, დეპარტამენტი ორიენტირებული იქნება გამოიძიოს 2012 წლის 1 ოქტომბრიდან მთავარ პროკურატურაში შესულ საჩივარ-განცხადებებში მითითებული დანაშაულებრივი ფაქტები. ამათგან პრიორიტეტი მიენიჭება ისეთი დანაშაულების გამოძიებას, როგორიცაა: ქონების უკანონოდ ჩამორთმევისა და ძალადობის ფაქტები, რომელიც მოიცავს ცემა-წამებას, არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას და ყველა იმ დანაშაულს, რომლის ჩადენაშიც საჯარო მოხელე ან მასთან გათანაბრებული პირი იმხილება.
აღნიშნული დეპარტამენტი დაკომპლექტდა დეპარტამენტის უფროსის, დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, 4 პროკურორის, 10 გამომძიებლის და 4 კოორდინატორის შტატით. დეპარტამენტის დაკომპლექტების პროცესში გათვალისწინებული იქნა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი და კადრების შერჩევა მოხდა განსაკუთრებული სიფრთხილით. დეპარტამენტში გამომძიებლებად და პროკურორებად დაინიშნენ პირები, რომელთა მიმართ მთავარ პროკურატურაში შემოსულ საჩივარ-განცხადებებში სამართლებრივი პრეტენზია არ ფიქსირდება.
გამოსაძიებელი საქმეებისადმი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, მიღებული იქნა გადაწყვეტილება დეპარტამენტში დაზარალებულთა კოორდინატორების დანიშვნის შესახებ, რომლებიც საქმის შედეგებით დაინტერესებულ დაზარალებულებს მუდმივ რეჟიმში მიაწვდიან ინფორმაციას გამოძიების მიმდინარეობის შესახებ და გაუწევენ კონსულტაციას სამართლებრივ საკითხებზე.
მთავარი პროკურატურა აღნიშნული დეპარტამენტის საქმიანობის შესახებ პრეზენტაციას 2015 წლის 4 მარტს გამართავს და საზოგადოებას დაწვრილებით მიაწვდის ინფორმაციას დეპარტამენტის ფუნქცია-მოვალეობებისა და გეგმების შესახებ.