საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საქართველოს ფინანსთა მინისტრთან, ნოდარ ხადურთან ერთად ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრა სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა.
„ძალიან კონსტრუქციული შეხვედრა იყო ბიზნესის წარმომადგენლებთან, გვქონდა საუბარი იმ გეგმაზე, რომელიც უკვე ხორციელდება, რათა დაბალანსდეს სავალუტო დისბალანსი და საშუალო ვადიან პერსპექტივაში გამოსწორდეს სიტუაცია. ყველანაირი საფუძველი გვაქვს ვიფიქროთ, რომ ეს ასე მოხდება. ჩვენ წარვუდგინეთ ბიზნესს ჩვენი ნაბიჯების ჩამონათვალი, წარვადგინეთ ასევე კონკრეტული საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხა და უკვე დარბაზშივე გამოითქვა სურვილი რამდენიმე ობიექტთან დაკავშირებით, რაც ნიშნავს, რომ ეს არის აბსოლუტურად რეალური ინვესტიციები. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მარტო ამ ობიექტების პრივატიზებით, ორი-სამი თვის განმავლობაში შევძლებთ 300-350 მილიონი დოლარის მობილიზებას. ამის გარდა, ჩვენ გვექნება ძალიან სერიოზული ნაბიჯები საკანონმდებლო კუთხით ბიზნესისა და ინვესტიციის ხელშეწყობის მიმართულებით, რასაც ალბათ უახლოეს დღეებში პრემიერ-მინისტრი გააჟღერებს“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.
ვიცე-პრემიერის განცხადებით, არის საპრივატიზაციო ობიექტების საკმაოდ მნიშვნელოვანი ჩამონათვალი, მათ შორის არის ეროვნული ბანკის ყოფილი შენობა, ეკონომიკის სამინისტროს შენობა, ასევე ბობოყვათის რეზიდენცია, წყნეთის სამთავრობო აგარაკების ტერიტორია, თბოელექტროსადგური, ლატარიის კომპანია, რომლის ლიცენზიის გამოტანაც იგეგმება და ა.შ. „ამ ობიექტების პრივატიზება ლარის კურსს მნიშვნელოვნად დაასტაბილურებს და ველოდებით, რომ კურსი გამყარებისკენ წავიდეს ამ ქმედებების განხორციელების შედეგად. ვფიქრობ, გვაქვს საფუძველი ვიყოთ რეალისტები, ვიყოთ ფრთხილად ოპტიმისტები იქიდან გამომდინარე, რომ ეს აუცილებლად შედეგებს გამოიღებს“ - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ეკონომიკური პროგნოზის შეცვლა წელს აუცილებელი იქნება და ის ორი პროცენტის ფარგლებში შენარჩუნდება, თუმცა, მინისტრის განცხადებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისა და ტურიზმის კუთხით მთავრობას დაგეგმილი აქვს ძალიან სერიოზული ქმედებები. ვიცე-პრემიერის შეფასებით, ეს აქტივობა მთავრობის მხრიდან მნიშვნელოვნად დააბალანსებს სიტუაციას. „ქამრების შემოჭერა სწორედ დაკავშირებულია ეკონომიკის ზრდის ხუთი პროცენტიდან ორ პროცენტამდე ჩამოსვლასთან, შესაბამისად, ბიუჯეტი იქნება ახლიდან დასაბალანსებელი, რაც მხოლოდ და მხოლოდ აისახება ადმინისტრაციულ ხარჯებზე, არ დაეტყობა ეკონომიკას, არ დაეტყობა ინფრასტრუქტურულ პროექტებს და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ყოველი დახარჯული ლარი ეკონომიკაში იძლეოდეს ეკონომიკურ ეფექტს. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ბიზნესს, ეკონომიკას, ადამიანებს დავუტოვოთ მეტი „ჟანგბადი“ და ნაკლებად დავაწვეთ ტვირთად ამ სიტუაციაში“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.