„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ მიიჩნევს, რომ მედიკამენტებზე ფასების სტაბილურობისთვის სახელმწიფო დოტაციას არ უნდა მიმართოს, როგორც ეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ დაანონსა. როგორც ცნობილია, 12 თებერვალს დავით სერგეენკომ განაცხადა, რომ თუ პირველადი მოხმარების მედიკამენტებზე ფასები კიდევ უფრო გაიზრდება,რათა ფასები შეინარჩუნოს და, რიგ შემთხვევებში, დაწიოს კიდეც.
არასამთავრობო სექტორი მიიჩნევს, რომ თუ მთავრობა გადაწყვეტს, დააწესოს შეღავათები მედიკამენტებზე სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის შესაბამისი ქულების მიხედვით, ეს, ერთი მხრივ, შესაძლებელს გახდის სოციალური პრობლემას გადაჭრას, ხოლო, მეორე მხრივ, არ შექმნის იმ უარყოფით ტენდენციებს, რომლებზეც ზემოთ იყო საუბარი. ასეთ შემთხვევაში საბიუჯეტო რესურსი მიიმართება მოსახლეობის იმ ფენისკენ, რომელსაც ყველაზე მეტად სჭირდება დახმარება.
”ვფიქრობთ, მნიშვნელოვანია იმის გაგება, თუ რა სახის ჩარევა აქვს დაგეგმილი სამინისტროს მედიკამენტების ბაზარზე, რადგან ამას შესაძლოა გრძელვადიანი უარყოფითი შედეგები მოჰყვეს როგორც ფარმაცევტული ბიზნესის, ასევე - ეკონომიკის სხვა სექტორებისათვის”, - განმარტავენ არასამთავრობო ორგანიზაციაში.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ მიიჩნევს, რომ თუ მთავრობა დოტაციით მედიკამენტების ფასის შენარჩუნების გზას აირჩევს, ეს უკიდურესად სახიფათო პრეცედენტი იქნება, რასაც არასახარბიელო შედეგები შეიძლება მოჰყვეს.
”ყველაზე ხშირად მოხმარებადი ამ მედიკამენტების ჯგუფებზე ფასების უფრო მაღალი ზრდის შემთხვევაში, ჩვენი გამოთვლებით, დოტაცია სახელმწიფოს, შესაძლოა ათეულ მილიონობით ლარი დაუჯდეს. მინისტრის ინფორმაციით, „არსებულ მდგომარეობაში, 15 ათასზე მეტი დასახელების მედიკამენტიდან მხოლოდ 100-მდე პრეპარატზეა ფასები გაზრდილი და ამ შემთხვევაშიც საშუალოდ 7-დან 10%-მდე.“
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების მიხედვით, იანვარში მედიკამენტების ღირებულება 7.3%-ით გაიზარდა. უფრო კონკრეტულად, 2015 წლის იანვარში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ფასები გაიზარდა მედიკამენტების ისეთ ჯგუფებზე, როგორიცაა სისხლძარღვთა გამაფართოებელი მედიკამენტები (12.2%), ტკივილგამაყუჩებლები (17%), ანტიბიოტიკები (14.89%), ვიტამინები (14.6%), საჭმლის მომნელებელი სისტემის პრეპარატები (20.31%), ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები (18.31%).
როგორც სამინისტროში აცხადებენ, არსებობს მათ მიერ შემუშავებული ასეთი მედიკამენტების მოკლე სია, რომელშიც 100-მდე მედიკამენტი შედის და გრძელი სია, სადაც დაახლოებით 300 მედიკამენტია. თუნდაც ას მედიკამენტზე ფასების შენარჩუნება - რომ აღარაფერი ვთქვათ, სამასზე, ან, მით უმეტეს, დაწევა და წარმოადგენს სრულიად არარაციონალურ და ფისკალურად სრულიად არამდგრად მიდგომას”, აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციაში „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“.
მათივე ინფორმაციით, თუ სახელმწიფო დოტაციის მეთოდს გამოიყენებს, მაშინ აფთიაქები მიიღებენ სტიმულს, რომ კიდევ უფრო გაზარდონ ფასები. ანუ სახელმწიფო ფასის ზრდას თავისი დოტაციით მაინც დაფარავს, ეს კი ძალიან მომგებიანი იქნება აფთიაქებისთვის და მნიშვნელოვან ზარალს მიაყენებს ბიუჯეტს.
”მოსახლეობაში შეიქმნება მოლოდინი და მოთხოვნა სხვადასხვა ფორმის დოტაციაზე. ეს კი, თავის მხრივ, გაზრდის კვაზიფისკალურ დანაკარგებს, რასაც საბაზროზე დაბალ ფასად მომსახურების/საქონლის მიწოდება იწვევს.
აღსანიშნავია, რომ წინა ხელისუფლებას გასულ წლებში საბაზროზე დაბალ ფასად საქონლის მიწოდების და სხვადასხვა მომსახურების გაწევის სხვადასხვა ინიციატივა ჰქონდა, ხოლო 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გამოიკვეთა ამ კვაზიფისკალური დანაკარგების შემცირების ტენდენცია, როდესაც, შეიზღუდა სახელმწიფოს მხრიდან საბაზროზე დაბალ ფასად საქონლის მიწოდებისა თუ სხვადასხვა მომსახურების გაწევის მასშტაბი, მაგალითად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან აღარ ფინანსდება ისეთი ხარჯები, როგორიცაა სოფლის მეურნეობისთვის იაფი სესხის პროგრამა (დღეს სოფლის მეურნეობის დაფინანსება ფონდი ქართუს დაფინანსებით ბანკების საშუალებით ხდება) და სხვა, რაც, რასაკვირველია, სრულიად სწორი მიდგომაა.
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ყველაზე ხშირად მოხმარებადი მედიკამენტების ჯგუფებზე ფასების შესანარჩუნებლად, ან, უარეს შემთხვევაში, ფასების დასაწევად განკუთვნილი დოტაციებით არა მხოლოდ დააბრუნებს წინა ხელისუფლების დროინდელ იმ მავნე მიდგომას, როდესაც სახელმწიფოს მიერ დაუფიქრებლად ხდებოდა საბაზროზე დაბალ ფასად საქონლის მიწოდება თუ სხვადასხვა მომსახურების გაწევა, არამედ სრულიად ახალ მასშტაბს შესძენს მას”, განმარტებულია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.