ხელისუფლების მიერ ”ქამრების შემოჭერა” არც შტატების და არც საჯარო მოხელეებისათვის ხელფასების შემცირებას არ გულისხმობს. ფინანსთა მინისტრის განმარტებით, ბიუჯეტში შესატან ცვლილებებზე მუშაობა დაწყებულია, რომლის ფარგლებშიც ადმინისტრაციული ხარჯის შემცირება მოხდება.
”ეს არ გულისხმობს არც შტატების შემცირებას და არც საჯარო მოხელეებისათვის ხელფასების შემცირებას. სხვა უამრავი ხარჯიც არსებობს ადმინისტრაციული, რომლის შემცირებაც შესაძლებელია”, - აღნიშნა ნოდარ ხადურმა.
მინისტრის განმარტებითვე, 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ბ ცვლილებები იქნება იმისა მიხედვით, თუ როგორ მოხდება შეთანხმება ეკონომიკის სამინისტროსთან და სებ-თან.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ”იმედის” ეთერში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მთავრობის მიერ ადმინისტრაციული ხარჯების 12 პროცენტით შემცირება დაანონსა.
გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება სწორედ "ქამრების შემოჭერის" ფარგლებში გასატარებელი ღონისძიებაა.
"ქამრების შემოჭერა პირველი ადეკვატური ნაბიჯია, როდესაც ხედავ, რომ შენი მოსახლეობა საკმაოდ დაზარალდა კურსის ცვლილების გამო. რა თქმა უნდა, პირველად მთავრობა ვალდებულია, რომ ადმინისტრაციული ხარჯების შემცირების კუთხით გადადგას ნაბიჯები. ჩვენ ამ კვირაში დეტალიზებულ შემცირების გეგმას წარმოვადგენთ. საუბარია დაახლოებით იმავე პროცენტით შემცირებაზე, რაც მოხდა დევალვაციის პირობებში. დაახლოებით 12 პროცენტიანი დევალვაციაა და ამავე რაოდენობის ხარჯების შემცირებას მოვახდენთ", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.