სსფ-ს მისია უკვე საქართველოშია. ფინანსთა მინისტრის განმარტებით, ხელისუფლება სსფ-გან სესხის აღებას არ აპირებს.
”სსფ-ს მისიას დღეს ჩემთან ექნება შეხვედრა. მათ ასევე შეხვედრა ექნებათ სებ-ში და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროში. ეს არის სამუშაო შეხვედრები, რომლის დროსაც განვიხილავთ ქვეყანაში შექმნილ ეკონომიკურ პროცესებს. სსფ-გან სესხის აღებას არ ვაპირებთ. წინა კვირაში ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, რომ სსფ-თან შეიძლება ყოფილიყო კომუნიკაცია, რომ სხვა დონორებისაგან აგვეღო სესხი. ეს იქნება კონკრეტულ ინფრასტრუქტურაზე მიბმული თანხა და ეს არ იქნება თანხა, რომელიც პირდაპირ ბიუჯეტში წავა. ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ მსოფლიო ბანკისგან, აზიის განვითარების ბანკისგან და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან მივიღოთ დამატებითი ინფრასტრუქტურული პროექტებისათვის შესაძლო დაფინანსება”- აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ წინა კვირაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, რაც მოკლევადიან შედეგზე იქნება ორიენტირებული არის ის, რომ მთავრობა კაპიტალური დანახარჯების კუთხით დამატებით თანხას მოითხოვს.
"ექსპორტის წახალისების მექანიზმები არ არის მოკლევადიანი ეფექტის მომტანი. არ გვაქვს ჩვენ იმის ილუზია, რომ ეს ინსტიტუტი რაიმე მოკლევადიან შედეგს გამოიღებს. მოკლევადიან შედეგზე ორიენტირებული ზომები, რასაც ჩვენ ვღებულობთ გახლავთ ის, რომ ორშაბათს გვექნება სსფ-ს მისიასთან შეხვედრა და განვიხილავთ ინფრასტრუქტურული ზეგეგმიური პაკეტის მოცულობას, ანუ ჩვენ მოვითხოვთ დამატებით ფულს კაპიტალური დანახარჯების კუთხით, რათა განვახორციელოთ დამატებითი ინვესტიციები ინფრასტრუქტურულ პროექტებში, რეგიონული განვითარებისა და ინფტასტრუქტურის სამინისტროს კუთხით. ეს არის პირველადი ზომები, რაც ამ შემთხვევაში არის აბსოლუტურად ადეკვატური იმ სიტუაციის რაც გაქვს", - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.