ახალი საკანონმდებლო ინიციატივის მიხედვით, სამშენებლო ობიექტები, რომელთა მშენებლობაც 2008 წლის აგვისტომდე დაიწყო და დღემდე არ დასრულებულა დღგ-სა და K2 მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლდება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, აღნიშნული ინიციატივა სამშენებლო ბიზნესის გამოცოცხლების წინაპირობა გახდება.
"ინიციატივა, რომელიც პრემიერ-მინისტრმა გააჟღერა - 2008 წლამდე გაცემული მშენებლობის ნებართვის მქონდე ობიექტებისათვის შეღავათიანი პირობების დაწესება - გულისხმობს იმას, რომ თუ არის ობიექტი, რომელზედაც გაცემულია მშენებლობის ნებართვა 2008 წლამდე და დღემდე არ არის დასრულებული, ასეთი ტიპის მშენებლობებისათვის ხდება გადასახადების კუთხით შეღავათების დაწესება. ეს გამოიწვევს იმას, რომ ბევრი ასეთი ობიექტის მშენებლობა განახლდება და ბევრ ობიექტს შესაძლოა პარტნიორი გამოუჩნდეს, რომელიც დაასრულებს ასეთი ტიპის მშენებლობას, რაც უდავოდ წაადგება ბიზნესის გამოცოცხლებას მშენებლობის სექტორში", - აცხადებს გიორგი კვირიკაშვილი.
მინისტრის განმარტებით, ინიციატივა სისტემურია და ის კონკრეტული კომპანიების დონეზე არ განხილულა.
"კომპანიების ჭრილში განხილული არ არის. ბევრი კომპანიაა, რომელსაც ასეთი ტიპის პრობლემები აქვს და ჩვენ სისტემურად შევაფასეთ პრობლემა. ეკონომიკურ საბჭოში განვიხილეთ და მივიღეთ დადებითი გადაწყვეტილება. მივიჩნევთ, რომ ამ კომპანიებს სხვა გამოსავალი არ გააჩნიათ", - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი.
შეგახსენებთ, რომ ახალი ინიციატივა დღეს მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა გააჟღერა, რომელმაც განმარტა, რომ 2008 წლის ფინანსურმა კრიზისმა და აგვისტოს ომმა მნიშვნელოვანი ნეგატიური გავლენა მოახდინა სამშენებლო სექტორზე, რამაც შეაფერხა სამშენებლო დარგის განვითარება.
„საბანკო დაკრედიტების გამკაცრებამ და უძრავ ქონებაზე მოთხოვნის შემცირებამ, სერიოზული ზიანი მიაყენა სამშენებლო დარგს. შედეგად კი, კომპანიებს სახელმწიფოს მიმართ მნიშვნელოვანი ვალდებულებები დაუგროვდათ, რაც მათ მძიმე ტვირთად აწვება და ხელს უშლის ამ დარგის განვითარებას,"-აღნიშნა პრემიერმა.