უნგრული Business Traveller საქართველოს შესახებ სტატიას აქვეყნებს.
ჟურნალისტი აგნეშ ხორვატი საქართველოში მოგზაურობას აღწერს. „საქართველო ევროპისა და აზიის გასაყარზე მდებარე უძველესი კულტურის ქვეყანა, ბოლო წლებში ერთ-ერთი საინტერესო ტურისტული მიმართულება გახდა.
2014 წლის სექტემბერში WizzAir-მა ბუდაპეშტიდან ქუთაისის მიმართულებით პირდაპირი ფრენები დაიწყო, რაც საკმაოდ აადვილებს ამ ქვეყანასთან დაახლოებას, სულ რაღაც 3 საათში შესაძლებელია უნგრეთიდან საქართველოში ჩასვლა.
პირველად საქართველომ ოთხი წლის წინ მომაჯადოვა უძველესი ისტორიული ძეგლებით, ულამაზესი ბუნებით, განსაცვიფრებელი მწვერვალებითა და სანაპირო ზოლით, სტუმართმოყვარე, კეთილგანწყობილი ხალხით."
სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ ბოლო წლებში საქართველო საგრძნობლად განვითარდა, რასაც ასევე ადასტურებს ტურისტული მაჩვენებლები: 2010 წელს საქართველოს მილიონ ნახევარი ტურისტი ეწვია, ხოლო 2013 წელს რაოდენობამ 5 მლნ-ს გადააჭარბა. ჟურნალისტის განცხადებით, ტურიზმის განვითარებას ხელი შეუწყო ტურისტული და საჰაერო ინფრასტრუქტურების განვითარებამ. აგნეშ ხორვატი ხაზს უსვამს, რომ ევროკავშირთან დადებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ხელმოწერით საქართველოს დიდი შესაძლებლობები ეძლევა: „ევროპულ ქვეყნებთან ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების წყალობით აქ აღმოაჩენთ მაღალი დონის ევროპულ მაღაზიებს და სასტუმროთა ქსელს."
სტატიის ავტორი აღწერს ქუთაისს, მსოფლიო მემკვიდრეობის ისტორიულ ძეგლებს, საუბრობს ბაგრატის ეკლესიისა და გელათის მონასტრის შესახებ, ხაზს უსვამს ქალაქის განვითარების სწრაფ ტემპს, საუბრობს ქუთაისიდან დაახლოებით 10 კილომეტრში მდებარე ბუნებრივ სასწაულზე, პრომეთეს მღვიმეზე, სადაც შესაძლებელია ნავით გასეირნება:
"აქვეა კურორტი წყალყუბო, რომელიც თავის დროზე ყოფილი საბჭოთა მაღლჩინოსნების ელიტურ კურორტად ითვლებოდა, წყალტუბო სამკურნალო წყლებითაა ცნობილი - აქ მოქმედი სანატორიუმის კომპლექსი დამსვენებლებს სხვადასხვა სახის სამკურნალო პროგრამას სთავაზობს."
სტატიის ავტორი იმერეთის შემდეგ ბათუმს აღწერს:
„როდესაც ბათუმის ქუჩებში სეირნობ, ისეთი გრძნობა გიჩნდება, რომ მე-19 საუკუნის მშვენიერ ეპოქასა და 21 საუკუნეს, საბჭოთა პერიოდის ნარჩენების გაძევება სურს, რის გამოც თვალშისაცემია კონტრასტები: პარკინგზე ლადასა და მოსკვიჩის მარკის ავტომობილებს შორის იხილავთ ახალი BMW-სა და Audi-ს ტიპის ავტომობილებს. დაჟანგული გემების გვერდით თანამედროვე საოკეანო ლაინერებს, შუა ქუჩაში ჩამონგრეული კედლების სახლის გვერდით ლუქსის კატეგორიის ბუტიკებს. ბათუმში მოქმედებს საველოსიპედო ხაზი, რომელსაც ტურისტები დიდი სიამოვნებით იყენებენ."
სტატიის ავტორი აღწერს მოვლილ პარკებს, ბულვარს, რესტორნებს და კაფეებს, უგემრიელეს კერძებს, ბათუმის ღამის ცხოვრებას, ქალაქში მოქმედ სამორინეებს. ჟურნალისტის თქმით, ბოლო წლებში სასტუმროების ინდუსტრია საგრძნობლად განვითარდა: გაიხსნა Radisson blu და ძალიან მალე სტუმრებს მიიღებს Hilton-იც, რომელიც კონკურენციას გაუწევს Sheraton-ს.
ამის შემდეგ სტატიის ავტორი მკითხველს საქართველოს დედაქალაქის ღირსშენიშნაობებს აცნობს: ნარიყალა, გოგირდის აბანოები, რიყე, მეტეხის ტაძარი, ბოტანიკური ბაღი, პრეზიდენტის სასახლე, შუშის ხიდი. ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ თბილისში ჩქარი ტემპებით მიმდინარეობს მშენებლობა. ხაზს უსვამს ქალაქში მდებარე მოვლილ პარკებსა და კარგად შენახულ ძველ შენობებს, რომელთა მოვლასა და გარემონტებას საკმაოდ დიდი თანხები მოხმარდა - ყველაფერი ეს, თბილისს მსოფლიო დედაქალაქის იერსახეს სძენს. ჟურნალისტის თქმით, ქალაქის ულამაზესი ძველი უბნის დაკლაკნილ ქუჩებზე უამრავი რესტორანი და კაფეა, სადაც უგემრიელესი კეძების მირთმევაა შესაძლებელი. თბილისში მრავლადაა როგორც პატარა სასტუმროები, ასევე ცნობილი საერთაშორისო ქსელის სასტუმროები, რომელთა ფასები საკმაოდ მაღალია, თუმცა საკმაოდ მაღალია ასევე მომსახურების დონეც.
თბილისის შემდეგ სტატიაში აღწერილია საქართველოს სათხილამურო კურორტები: გუდაური და ბაკურიანი. ასევე დაბა სტეფანწმინდა, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული მიმართულებაა: „სტეფანწმინდასთან ახლოს, მთაზე მდებარე მე-14 საუკუნის გერგეთის სამების ტაძრამდე ფეხით სამი საათის სავალია, თუმცა შესაძლებელია ჯიპებით მისვლაც. აქვეა პოპულარული ცენტრალური სასტუმრო, ოთხვარსკვლავიანი Rooms Hotel Kazbegi, რომლის ფანჯრებიდან ულამაზესი მთების პანორამა იშლება. აღსანიშნავია, რომ მეზობელი მაღალმთიანი სოფლები, ზამთრობით ცარიელდებოდა, რადგან ელექტროენერგიის გადასახადი საკმაოდ მაღალი იყო - საქართველოს მთავრობამ ამ სოფლების მოსახლეობის ელექტროენერგიის გადასახადის დაფარვის ვალდებულება თავის თავზე აიღო, რომ სოფლების დაცარიელება არ მოხდეს."
ამის შემდეგ ჟურნალისტი საუბრობს საქართველოზე, როგორც ღვინის აკვანზე, სადაც ღვინის კულტურა ჯერ კიდევ 8000 წლის წინ არსებობდა. ამის დასტურია უფლისციხეში, კლდეში გამოკვეთილ ქალაქში ნაპოვნი ქვის საწნახელი. სტატიაში ასევე საუბარია ქვევრის უნიკალური ფენომენის შესახებ, ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ ბევრ ენაში დღეს არსებული სიტყვა „ვინო" სწორედ ქართული სიტყვიდან „ღვინო"-დან იქნა შემოღებული. ქართული უნიკალური ანბანის ასოებიც კი ვაზის ყლორტებს წააგავს და მკითხველს მოუთხრობს ქართულ ტრადიციაზე, რომლის თანახმად, შვილიშვილის დაბადებისას, ბაბუა-ბებია ღვინით სავსე ქვევრს მარხავენ მიწაში, რომელიც მის ქორწილში უნდა გაიხსნას. ტრადიციის თანახმად, ქალები ყურძნის წურვაში არ მონაწილეობენ. სტატიაში საუბარია ჭაჭის შესახებ, რომელსაც ყურძნის ქერქიდან ამზადებენ. როგორ აგნეტ ხორვატი აღნიშნავს მსოფლიოში არსებული ყურძნის 2000 სახეობიდან, 540 საქართველოში მოდის, აქედან მხოლოდ 40 ჯიშისაგან ამზადებენ ღვინოს. სტატიაში მოთხრობილია ქართული ყურძნის ჯიშების შესახებ. (საფერავი, რომელსაც ფერის გამო შავ ღვინოდ მოიხსენიებენ. ყურძნის ეს ჯიში ყველაზე მაღალი ტანინის შემცველობის გამო კარგად იტანს დადუღების პროცესს და მასში ანტიოქსიდანტების რაოდენობა სხვა ყურძნის სახეობებთან შედარებით ძალიან მაღალია. ყველაზე ძველი რქაწითელი - თეთრი ყურძენის ჯიშია, რომელსაც ასევე ბევრი მეღვინე იყენებს) და საქართველოს ღვინის რეგიონებზე, მათ შორის კახეთზე - მის არაჩვეულებრივ ბუნებაზე (3000მ სიმაღლის მთის მწვერვალებზე და დაბლობში დამალულ ტბებზე, ძველ ტაძრებზე).
აგნეშ ხორვატი საუბრობს ქართული სამზარეულოს შესახებ, რომელმაც უკვე მრავალი უცხო ქვეყანა დაიპყრო და უკვე ბუდაპეშტშიც შემოვიდა.
ჟურნალისტი აგნეშ ხორვატი საქართველოში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ ორგანიზებული პრესტურის ფარგლებში იმყოფებოდა.