აზიის განვითარების ბანკმა საქართველოს 108 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სესხი დაუმტკიცა. თანხა ქვეყნის ურბანულ ცენტრებში წყალგაყვანილობისა და წყალარინების სისტემების შემდგომი გაუმჯობესებას მოხმარდება. როგორც აზიის განვითარების ბანკში განმარტავენ, აღნიშნული სესხი ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში გაიცა.
500 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის მრავალტრანშიანი საფინანსო ინსტრუმენტის ფარგლებში გაცემული სესხით დაფინანსდება წყალგაყვანილობის სისტემა ზუგდიდში და წყალარინების სისტემა ფოთში. ამას გარდა, სესხის თანხებით და საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მომსახურების ცენტრების მეშვეობით დაფინანსდება მოსახლეობისთვის ინფორმაციის გაზიარება სანიტარული და ჰიგიენური ნორმების შესახებ. ამ დროისათვის, აგბ-ს უკვე დამტკიცებული აქვს პროგრამის სამი ტრანში 218 მილიონი აშშ დოლარის საერთო ოდენობით.
"საიმედო და ხარისხიანი წყალგაყვანილობისა და წყალარინების სისტემების დანერგვა მზარდი მოთხოვნის პირობებში, რაც ხელს შეუწყობს ჯანმრთელობისა და გარემოსდაცვითი პრობლემების თავიდან აცილებას, მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტია. ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა ხელს უწყობს სექტორის განვითარების მთავრობის გრძელვადიან გეგმას - $1.6 მილიარდი აშშ დოლარის დაბანდებით 2020 წლისათვის უზრუნველყოს ყველა ქალაქის მაცხოვრებლისთვის საიმედო და ხარისხიანი წყალგაყვანილობისა და წყალარინების მომსახურება", - აცხადებს საქართველოში აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლობის დირექტორი ქეითი ჯულიანი.
ამჟამად, ზუგდიდის მოსახლეობის 84% ვერ სარგებლობს წყალგაყვანილობის სისტემით, მაშინ როდესაც ახალი სისტემა უზრუნველყოფს 24-საათიან წყალმომარაგებას. ფოთში, აშენდება წყალარინების და წყალგამწმენდი სისტემა, რომელიც მთელ ქალაქს მოემსახურება. ორივე ქალაქში დაახლოებით 34,000 ოჯახი შეძლებს პროგრამის ფარგლებში განხორციელებული მომსახურებით სარგებლობას. ფოთში წყალგაყვანილობის სისტემა პროგრამის ადრეულ ეტაპებზე გაუმჯობესდა.
აზიის განვითარების ბანკი, რომლის სათავო ოფისი მანილაში, ფილიპინებზე მდებარეობს, მიზნად ისახავს აზიასა და წყნარი ოკეანის რეგიონში სიღარიბის დონის შემცირებას ეკონომიკური ზრდის, გარემოსდაცვითი ღონისძიებების და რეგიონული ინტეგრაციის მეშვეობით. დაარსდა რა 1966 წელს, ბანკი აერთიანებს 67 წევრ ქვეყანას, საიდანაც 48 აღნიშნული რეგიონის წარმომადგენელია. 2013 წელს აზიის განვითარების ბანკის ხელშეწყობამ 21 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, 6.6 მილიარდი დოლარი თანადაფინანსების ჩათვლით. 2007 წლიდან, ბანკის მიერ საქართველოსთვის დაფინანსებული ოპერაციების ოდენობა 1.4 მილიარდ აშშ დოლარს აღემატება.