ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა კიდევ ერთხელ მოუწოდა ისრაელს, დაუშვას ჰუმანიტარული დახმარება ღაზის სექტორში, რადგან ჯანდაცვის წარმომადგენლები აფრთხილებენ, რომ პალესტინელებს „იძულებითი შიმშილი“ ემუქრებათ. იუწყება Politico.
ფონ დერ ლეიენმა განაცხადა, რომ ღაზიდან ფოტოების ხილვა აუტანელია.
„ღაზის მშვიდობიანი მოსახლეობა ძალიან დიდი ხანია იტანჯება. ეს დაუყოვნებლივ უნდა დასრულდეს“, - აღნიშნა მან.
როგორც გამოცემა ღაზის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს, 24 საათში შიმშილით 15 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის ოთხი ბავშვი. ადგილობრივი საავადმყოფოების ცნობით, ღაზაში ომის დაწყებიდან შიმშილით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 101-ია, მათ შორის 80 ბავშვია.
საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის კაია კალასის განცხადებით, ღაზაში დახმარების მაძიებელი მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობა გაუმართლებელია.
როგორც კალასმა აღნიშნა, ის ესაუბრა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრ გიდეონ საარს, რათა „ნათლად განემარტა, რომ [ისრაელის თავდაცვის ძალებმა] უნდა შეწყვიტონ ადამიანების მკვლელობა დახმარების განაწილების პუნქტებში“.
კალასისა და ფონ დერ ლაიენის განცხადებები მას შემდეგ გაკეთდა, რაც ევროპის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ერთობლივ განცხადებაში ისრაელი ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობისთვის დახმარების გაწევაზე უარის თქმაში დაადანაშაულეს.