თბილისსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ერთ-ერთ უმსხვილეს ქალაქ გუანჯოუს შორის თანამშრომლობის შეთანხმება გაფორმდა. შეთანხმებას ხელი თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ და გუანჯოუს მერმა, ჩენ ძიანჰუამ მოაწერეს.როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენს" მერიიდან აცნობეს შეთანხმების მიხედვით, მხარეები წაახალისებენ ქალაქებს შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას ორივე მხარეს შესაბამის ინსტიტუტებთან თანამშრომლობით და ხელს შეუწყობენ მეწარმეებს, ორგანიზაციებსა და ინსტიტუტებს შორის კავშირების დამყარებას.როგორც თბილისის მერმა განაცხადა, ბოლო პერიოდში საგრძნობლად გააქტიურდა საქართველოსა და ჩინეთის ქალაქებს შორის ურთიერთობები, რაც ორმხრივი კონტაქტების გაღრმავებისთვის მნიშვნელოვანი სტიმულია.
„განსაკუთრებით ხაზგასასმელია პარტნიორული და მეგობრული ურთიერთობა, რომელიც თბილისისა და გუანჯოუს შორის ჩამოყალიბდა. ეს ახალი ურთიერთობები ჩვენთვის მნიშვნელოვანი შენაძენია, ვინაიდან გუანჯოუ ერთ-ერთი წამყვანი ინოვაციური ქალაქია რეგიონში და ასეთ ქალაქებთან თანამშრომლობა პრიორიტეტულია", - განაცხადა დავით ნარმანიამ.
თბილისის მერის თქმით, შეთანხმების გაფორმების შედეგად, მხარეები აქტიურად ითანამშრომლებენ ინვესტიციების მოზიდვისა და ტურიზმის განვითარების მიმართულებით.
ხელმოწერის ცერემონიის წინ გამართულ შეხვედრაზე გუანჯოუს მერმა განაცხადა, რომ იგი იზრუნებს იმისათვის, რომ ორ ქალაქს შორის არსებობდეს ავიამიმოსვლა, რაც ტურიზმის განვითარებასა და ეკონომიკური ურთიერთობების დამყარებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.
დავით ნარმანიამ ჩენ ძიანჰუას უახლოეს პერიოდში თბილისში ბიზნეს-ფორუმის გამართვა შესთავაზა, რომელზეც ჩინური მსხვილი კომპანიების წარმომადგენლები მიიღებენ სრულ ინფორმაციას საქართველოს დედაქალაქში არსებული ეკონომიკური და ბიზნეს-შესაძლებლობების შესახებ.
მხარეებმა ასევე ისაუბრეს ორი ქალაქის ურბანული განვითარების ძირითად მიმართულებებზე. როგორც გუანჯოუს მერმა აღნიშნა, ჩინური მხარე მზად არის, ოფიციალურ თბილისს საკუთარი გამოცდილება გაუზიაროს.
შეთანხმების გაფორმების ოფიციალურ ცერემონიას საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, ასევე, თბილისის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.